დირბის ციხე-დარბაზი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

დირბის ციხე-დარბაზიარქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთაზე. თარიღდება XVII საუკუნის მიწურულითა და XVIII საუკუნით. ნაგებია რიყის ქვით. ციხე-დარბაზის წაგრძელებული ფორმის ტერიტორია (29,7×9,6 მ) ინტენსიურადაა განაშენიანებული. მის ვიწრო ბოლოებში თითო კოშკი დგას, შუა ნაწილში სამსართულიანი ნაგებობის (სახლი) ბანი ეზოდ იყო გამოყენებული. ერთადერთი შესასვლელი ეზოს აღმოსავლეთიდან ჰქონდა.

სამსართულიანი ნაგებობის პირველი სართულის კედლებში მხოლოდ სარკმლებია, ხოლო ზედა ორი სართულის კედლებში — სარკმლები, სათოფურები და ბუხრები. ამგვარად, შენობა ერთდროულად საცხოვრებელიც ყოფილა და თავდასაცავიც. კედლების სისქე 1 მ-ია. აღმოსავლეთის კედელი გარედან გამაგრებულია სამი კონტრფორსით.

ჩრდილოეთის ოთხკუთხა კოშკი ხუთსართულიანია. იგი უკეთ არის შემონახული. პირველი სართული ყრუკედლებიანი დამხმარე სათავსია. ამ სართულის ნახევარი პირველ სამშენ ფენას მიეკუთვნება, დანარჩენი შემდეგაა დაშენებული. კოშკის პირველ, მეორე და მესამე სართულებს შესასვლელი ცალ-ცალკე აქვს ეზოდან. ეს სართულები აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ელემენტებით, აქვს სათოფურებიც. მეხუთე სართული საბრძოლო ბანია. მას მაღალქონგურებიანი კედლები აქვს.

მცირე კოშკი (4×5 მ) ნახევრად მრგვალია; ძლიერ დაზიანებულია, ნაწილობრივ შემორჩენილია სამი სართული. ყველა სართულზე სარკმლები და სათოფურებია, მეორე სართულზე ბუხარიცაა.

ცნობილია, რომ 1736 წელს დირბის ციხეში ლეკების ჯარი გამაგრებულა, მაგრამ მალე გაქცეულან.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 11, ISBN 5-520-00154-5.