დივანი
დივანი (სპარს. — სახელმწიფო კრება, კანცელარია, დაწესებულება. თავდაპირველი მნიშვნელობა — ჩანაწერი, წიგნი):
- პირველი ხალიფების დროს, დაწყებული ომარ I-ის მმართველობიდან (634-644) — სახელმწიფო რეესტრი, გაბატონებული კლასის ცალკეულ ჯგუფებს შორის და ჯარისათვის სახელმწიფო შემოსავლის გასანაწილებლად შედგენილი ნუსხა, აგრეთვე ამ ნუსხის შესანახი ადგილი;
- ომანიანებისა და აბასიანების დროს დივან ალ-ხარაჯი — საგადასახადო-საფინანსო უწყება, რომელიც განაგებდა გადასახადების აკრეფის საქმეს. აბასიანთა დროს შემოიღეს სხვა დივნებიც: სახელმწიფო საბუთების, სახელმწიფო შემოსავლისა და გასავლის, გვარდიისა და სხვა. გარდა ცენტრალურისა იყო საოლქო დივნებიც. დივნების სისტემა შემოღებული იქნა სამანიდების (819-999) სახელმწიფოშიც.
- საბჭო ოსმალეთის სულთნის კარზე, რომელშიც შედიოდნენ დიდი ვეზირი, მუსლიმანური სასულიერო პირთა მეთაური და სხვა დიდი თანმებობის პირები;
- სახელმწიფო საბჭო, უმაღლესი სათათბირო და აღმასრულებელი ორგანო მოლდავეთსა და ვლახეთში (დუნაის სამთავროებში) ვიდრე ისინი რუმინეთის ეროვნულ სახელმწიფოდ გაერთიანდებოდნენ (1859);
- მუსლიმანური აღმოსავლეთის ზოგიერთ თანამედროვე ქვეყანაში ადმინისტრაციული და სასამართლო საქმეების მთავრობის დაწესებულება.
ფეოდალურ საქართველოში ტერმინი „დივანი“ უმთავრესად სასამართლო დაწესებულების აღსანიშნავად გავრცელდა. ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა „სამდივნო სახლიც“. დივანისგან წარმოდგა ცენტრალური ხელისუფლების მოსამართლის მდივანბეგისა და მდივნის სახელწოდება. ვახტანგ VI-ის დროს „სამდივნო სახლში“ (სასამართლოში) ოთხშაბათობით და პარასკეობით სამართალს მეფე (უზენაესი მსაჯული) განაგებდა, ხოლო დანარჩენ დღეებში მდივანბეგი (უმაღლესი მსაჯული).
ლიტერატურა
რედაქტირება- კაციტაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 546.
- კაციტაძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.