დიდმოწამე ევსტათე

დიდმოწამე ევსტათე (ბერძ. Ευστάθιος Πλακίδας; ევსტათე პლაკიდა, ევსტათე რომაელი) ცხოვრობდა I საუკუნეში, რომში, მოკვდინებულ იქნა 118 წელს, აღიარებულია წმინდანად მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების მიერ. მისი ხსენების დღეა 20 სექტემბერი (მართლმადიდებლებისთვის 3 ოქტომბერი), ითვლება მეომრების, მონადირეების და მიწათმოქმედების მფარველად.

ცხოვრება

რედაქტირება

ევსტათე მხედართმთავარი იყო ტიტუსი და ტრაიანე იმპერატორების დროს. გადმოცემის თანახმად, მან ქრისტიანობა ნადირობის დროს მიიღო, როცა ირემს დადევნებულმა მის რქებში გამოსახული, ჯვარზე გაკრული, მაცხოვარი იხილა, რომელმაც ჰკითხა: „პლაკიდა რატომ მდევნი მე, მე ვისაც შენი გადარჩენა მსურს?“. ნადირობიდან დაბრუნებული ევსტათე, ოჯახთან ერთად, ქრისტიანად მოინათლა (ევსტათეს ოჯახის წევრებიც, ცოლი - თეოპისტია, შვილები - აღაპი და თეოპისტე, წმინდანებად არიან შერაცხულნი).

ევსტათე, ძველი აღთქმის იობის მსგავსად, მრავალ განსაცდელს გადაიტანს - მისი მსახურნი დაიხოცნენ, საქონელი გაუნადგურდა, თავად კი გემით ეგვიპტიკენ მიმავალი, დააშორეს ჯერ ცოლს, მერე შვილებს. წმინდა ევსტათე ყოველგვარ განსაცდელს რწმენის შეურყევლად შეხვდა და გადაიტანა, რის შემდეგაც აღუდგა ოჯახი და როგორც სახელოვანი მხედართმთავარი, იმპერატორი ტარაიანეს მიერ, მიწვეულ იქნა ომის საწარმოებლად.

ომის შემდეგ, წმინდა ევსტათე, კიდევ უფრო პატივდებული, დაბრუნდა რომში, სადაც უკვე ტრაიანე ადრიანემ შეცვალა იმპერატორის ტახტზე. წმინდა ევსტათე, ოჯახთან ერთად, მიწვეული იყო იმპერატორის სასახლეში, სადაც მოსთხოვეს, ბარბაროსებზე გამარჯვების აღსანიშნავად, მსხვერპლი შეეწირა წარმართული კერპებისთვის, რაზეც წმინდანმა უარი განაცხადა და თავი ქრისტიანად გამოაცხადა.

მთელი ოჯახი მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად, მაგრამ პირუტყვებმა წმინდანებს პირი არ დააკარეს, მაშინ გახელებულმა ადრიანემ ბრძანა მათი გახურებულ სპილენძის ხარში შესმა. 3 დღის შემდეგ, როცა ცეცხლოვანი სარკოფაგი გახსნეს, სასწაულის მოწმენი აღმოჩნდნენ - მოწამეთა ცხედრები ცეცხლს არ დაეზიანებინა. სასწაულის მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე. მორწმუნეებმა ცხედრები პატივით დაკრძალეს და როცა ქრისტიანების დევნა ჩაცხრა, სალოცავი აუშენეს.

ბიზანტიური, ქართული და რუსული ტექსტები წმინდა ევსტათეს ცხოვრებაზე

რედაქტირება

ბიზანტიური ტექსტი - წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ რიტორიკულ ტექსტს, ორიენტირებულს მრავალფეროვან ფრაზეოლოგიაზე და რელიგიურ სიმბოლიზმზე. ჩვენამდე მოხწეულია X საუკუნის ხელნაწერი, როგორც ჩანს, სემიონ მეტაფრასტის (Συμεών Μεταφραστής) მიერ შედგენილი, რომელიც მოიცავს ბერძენი წმინდანების 148 ტექსტს. ხელნაწერს აქვს ორი მცირე ზომის დაზიანებული ფრაგმენტი.

ძველი ქართული ტექსტი წარმოადგენს ბერძნულის ზუსტ თარგმანს და რადგან მასში არ არის ამოუკითხავი ადგილები, საშუალებას იძლევა ბერძნული ტექსტის აღდგენის. ამ ტექსტის მიხედვით, ბიზანტიურისგან განსხვავებით, ცხადი ხდება, რომ უფროსი ვაჟი მოიტაცა ლომმა, უმცროსი კი მგელმა.

ძველი რუსული ტექსტი (XI საუკუნე) თარგმანზე მსჯელობის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ამ ტექსტში ბევრი რამ შეცვლილია. ტექსტის დიდი ნაწილი ორ-სამ წინადადებაში არის ჩატეული, ზოგან აზრია შეცვლილი (მაგალითად - დამწუხრებული ევსტათე ვერც კი ტიროდა, გადათარგმილია, როგორც - ევსტათე მწარედ ტიროდა). თარგმანში მოყვანილია გამონათქვამები, რომლებიც არ მოიპოვება საწყის ტექსტში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება