დიდი პარასკევის შეთანხმება
დიდი პარასკევის ან ბელფასტის შეთანხმება (Good Friday Agreement) იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესში. შეთანხმებას ხელი მოეწერა ბელფასტში 1998 წლის 10 აპრილს (დიდ პარასკევს) ბრიტანელ და ირლანდიელ (ირლანდიის რესპუბლიკა) მთავრობებს შორის და მიღებულ იქნა ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობის მიერ. ის ასევე მიღებულ იქნა ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკის ამომრჩეველთა მიერ 1998 წლის 23 მაისს გამართულ რეფერენდუმებში. დემოკრატიული იუნიონისტური (გაერთიანების) პარტია იყო ერთადერთი მსხვილი პარტია, რომელიც შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდა.