დიგენეზური მწოველები

(გადამისამართდა გვერდიდან დიგენეზური ტრემატოდები)

დიგენეზური მწოველები, დიგენეზური ტრემატოდები (Trematoda, Digenea) — ბრტყელი ჭიების კლასი. 0,1-იდან 10 მმ-მდე (ზოგჯერ 1,5 მ-მდე) სიგრძის, ზურგ-მუცლის მიმართულებით გაბრტყელებული სხეული ქმნის კან-კუნთოვან პარკს. დიგენეზური მწოველებს აქვთ მისაწოვარი. მომნელებელი სისტემა მარტივადაა აგებული. სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოები არა აქვთ. ნერვული სისტემა შედგება 1 წყვილი თავის კვანძისა და 1-3 წყვილი გვერდითი ღეროსაგან. მცირე გამონაკლისის გარდა დიგენეზური მწოველები ჰერმაფროდიტებია. როგორც წესი, ენდოპარაზიტები პარაზიტობენ ცხოველისა და ადამიანის თითქმის ყველა ორგანოში. მრავლდებიან თვითგანაყოფიერებითა და ჯვარედინი განაყოფიერებით. სქესმწიფე ფორმა საბოლოო — დეფინიტიური მასპინძლის სხეულში ცხოვრობს, ლარვა — შუამავალი მასპინძლის (ძირითადად მოლუსკის) ორგანიზმში. დიგენეზური მწოველები განვითარების მეტად რთულ ციკლს გადიან: კვერცხიდან იჩეკება მირაციდიუმი, რომელიც რამდენიმე ხანს თავისუფლად ცურავს წყალში, შემდეგ იჭრება შუამავალი მასპინძლის ორგანიზმში და გარდაიქმნება სპოროცისტად. პართენოგენეზული გამრავლებით იგი იძლევა რედიებს, რედიები კი ცერკარიებს. ცერკარიები შუამავალი მასპინძლის ორგანიზმიდან გამოდიან წყალში, ინცისტირებენ და გარდაიქმნებიან ადოლესკარიებად, რომლებიც სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ დეფინიტიური მასპინძლის ორგანიზმში. ამრიგად, დიგენეზური მწოველების განვითარებისათვის დამახასიათებელია თაობათა მორიგეობა, კერძოდ, ჰეტეროგონია, მასპინძლის ცვლა. დიგენეზური მწოველების უმთავრესი წარმომადგენლებია: ღვიძლის პეპელა, ლანცეტისებრი ორპირა, კატის ანუ ციმბირული ორპირა, ჩინური ორპირა, სისხლის ორპირა და სხვა.

Botulus microporus

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ყურაშვილი ბ., ქსე, ტ. 3, გვ. 505, თბ., 1978