დიგაშენი – ნასოფლარი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მდ. ფარავნის მარჯვენა ნაპირზე, სოფლებს ყაურმასა და სოფელ ჯიგრაშენს შორის, ზღვის დონიდან 1900 მ-ზე. ნასოფლარის ტერიტორიაზე მცირე მასშტაბის გათხრებით აღმოჩენილია ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის გორანამოსახლარები. შემორჩენილია შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.

დიგაშენის არქეოლოგიური ძეგლები

რედაქტირება

ნასოფლარ დიგაშენთან არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის რამდენიმე გორანამოსახლარი: დიგაშენი I და II (1970; ხელმძღვანელი ოთარ ჯაფარიძე), დიგაშენი III, IV, V და 3 სამაროვანი (1987–1990; ხელმძღვ. ალექსანდრე ორჯონიკიძე).

დიგაშენი I

რედაქტირება

ნამოსახლარი მდებარეობს მდ. ფარავნის მარჯვ. ნაპირზე. უკავია ბუნებრივი გორის თხემი და ჩრდილოეთი და დასავლეთი ფერდები.

გაითხარა ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ფენები. ორივე ფენაში აღმოჩნდა ფლეთილი და თლილი ქვით ნაგები სწორკუთხა შენობათა ნაშთები. იატაკი თიხატკეპნილია ან ბრტყელი ქვებითაა მოფენილი, გადახურვა სავარაუდოდ ბანური იყო. კერამიკა მტკვარ-არაქსული ნაწარმია. შავი და მოვარდისფრო პრიალა დერგები, ქოთნები, კათხები და სხვ. რელიეფური და ნაკაწრი ორნამენტითაა შემკული. აქვე აღმოჩნდა თიხის ორნამენტირებული ოთხკუთხა ფორმის სანათური, სპირალური ორნამენტით შემკული თიხის ფილის ფრაგმენტები და ნალისებური კერის ზესადგრის ნატეხები. ნაპოვნია აგრეთვე ბრინჯაოს პატარა რგოლი, ქვის ხელსაფქვავები, სანაყები და სხვ.;

ნასახლარზე გამოვლინდა ფლეთილი ქვით ნაგები, ოვალური ფორმის სამარხი, რომელიც შევსებული იყო ნაცრიანი მიწით. მცირე რაოდენობით შერეული ჰქონდა კერამიკისფრაგმენტები და ობსიდიანის ანატკეცები. მიცვალებულის ძვლები არ აღმოჩნდა. სამარხის გარეთ, მის ძირში, ჩადგმული იყო გვიანდელი ბრინჯაოს ხანის რუხი ფერის ცალყურა ქოთანი.

დიგაშენი II

რედაქტირება

ნამოსახლარი განლაგებულია პირველისაგან ჩრდილო-აღმოსავლეთით 600 მ-ის დაშორებით, მდებარე მოზრდილი გორის თხემსა და ფერდებზე. ზედაპირულად აკრეფილია ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკა. შეიმჩნევა სწორკუთხა ნაგებობათა ქვის საძირკვლები. გორის ჩრდ. ფერდის ძირში სამაროვანია (ქვაწრიანი სამარხები და მცირე ზომის ყორღანები). 1987 გაითხარა ძვ. წ. XIV–XIII სს. ქვა-მიწაყრილიანი ყორღანი (სიმაღლე 0,5 მ, დიამ. 10 მ). ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩნდა სანაცრე ორმო, რომელშიც პატარა ჭურჭელი იდო. ყორღანის ქვაყრილის ქვეშ გამოვლინდა ფლეთილი ქვის მშრალი წყობით ნაგები ოთხკუთხა ფორმის დასაკრძალავი კამერა (სიმაღლე 1,7 მ, ფართ. 5 მ²), შევსებული ნაცრიანი მიწით, პემზითა და ქვით. მასში არეული იყო მიცვალებულთა ძვლები და კერამიკის ნაშთები (შავი და მოყვითალო რუხი ფერის გეომ. ჭრილი ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭელი). ნაპოვნია აგრეთვე ქვისა და პასტის მძივები, ბრინჯაოს სამკაული და იარაღი (ქედიანი სატევრისპირი, ისრისპირი, რგოლები და სხვ.).

დიგაშენი III

რედაქტირება

ნამოსახლარი პირველისაგან დასავლეთით 1,5 კმ-ზე, ფარავნის მარჯვენა ნაპირას, მდებარე დაბალ ბორცვზეა. ზედაპირულად აკრეფილია ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა. ნამოსახლარს გარს აკრავს სამაროვანი (მცირე ზომის ყორღანები და ქვაწრიანი სამარხები).

დიგაშენი IV

რედაქტირება

ნამოსახლარი მდებარეობს პატარა ხორენიას დასავლეთ ნაწილში, მდ. ფარავნის მარცხენა ნაპირას, შემაღლებულ კონცხზე. აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან აკრავს გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. 1989 გაითხარა ძვ. წ. XIV–XIII სს. ერთი ყორღანი და 4 ორმოსამარხი. ყორღანი ოთხკუთხა ფორმის იყო (9 მ×10 მ). დაბალი ქვაყრილის ქვეშ აღმოჩნდა დიდი ლოდებით შემოზღუდული და დიდი ლოდებითვე გადახურული დასაკრძალავი კამერა (3 მ × 1 მ × 0,9 მ). მიცვალებულთა ძვლები და არქეოლოგიური მასალა (თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს იარაღი, სამკაული, ქვისა და პასტის მძივები, პასტის მძივსაკიდი) ერთმანეთში იყო არეული. ორმოსამარხები ოთხკუთხა ან წრიული ფორმისაა, რ-ებიც დამხრობილია ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხაზზე და განკუთვნილია თითო მიცვალებულისათვის. გადახურული იყო დიდი ზომის ბრტყელი ქვებით. მიცვალებულები ესვენენ თავით ჩრდილოეთისკენ, გვერდზე, მოკუნტულ მდგომარეობაში. თავთან ედგათ 2 ან 3 თიხის ჭურჭელი.

დიგაშენი V

რედაქტირება

ნამოსახლარი მდებარეობს პატარა ხორენიას აღმოსავლეთ ნაწილში, ვაკეზე. ზედაპირულად აკრეფილია მტკვარ-არაქსის კულტურის კერამიკა.

დიგაშენის ეკლესია

რედაქტირება

ნასოფლარის ტერიტორიაზე ამაღლებულ სერზე, შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. სუფთად გათლილი დიდი კვადრებით ნაგები, საკურთხევლის კონქში შემორჩენილია მოხატულობის კვალი. საკურთხეველში გდია დამტვრეული ტრაპეზის ქვა. გადარჩენილია საკურთხეველი კონქით და ჩრდილო კედლის ნაწილი. დიგაშენის ეკლესია საინტერესოა იმითაც, რომ იგი ანტიკური ხანის ციხის ნანგრევებზე უნდა იყოს აგებული (გოგაშენის ტერიტორიაზე 1977 წელს გათხრილი ციხის მსგავსად).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯაფარიძე ო., ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის, თბ., 1976.
  • Орджоникидзе А., Работы Джавахетской экспедиции на памятниках бронзового века, კრ.: Полевые археологические исследования в 1987 г., Тб., 1995.
  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 335-404.
  • ორჯონიკიძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17392