ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დიადი თეთრი საძმო (ინგლ. Great White Brotherhood) — ტერმინი რომელიც იხმარება სხვადასხვა თანამედროვე სულიერ მოძღვრებებში (თეოსოფია, აგნი იოგა, ამაღლებულ მეუფეთა სწავლება და სხვა) იმ ინდივიდუმების ერთობის აღსანიშნავად, რომლებმაც დაასრულეს განვითარების მიწიერი ეტაპი (ან ახლოს არიან ამ მდგომარეობასთან) და ახლა, ყოფიერების უფრო მაღალი გეგმილიდან, ეხმარებიან კაცობრიობის სულიერ განვითარებას.[1][2][3] სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობანი თეთრი საძმოს წარმომადგენლებს უწოდებენ: მახათმებს, მეუფეებს, ოსტატებს, ადეპტებს, არქატებს.[1][4][5] ამ ტერმინის პოპულარიზაცია დასავლეთში ხორციელდებოდა ე. პ. ბლავატსკაიას მოღვაწეობით.[6] შემდგომში, კონცეფციის განვითარების საქმეში, მნიშვნელოვანი წილი შეიტანა ა.ბეილიმ, პ.დინოვიმ, ე. და ნ. რერიხებმა, გ. ბალლარდმა, ცოლ-ქმარ პროფეტებმა და სხვებმა.[6]

იდეა გასხივოსნებული მისტიკოსების ფარული ორგანიზაციის შესახებ, რომლებიც მართავენ კაცობრიობის განვითარებას, პირველად დასავლეთში გვხვდება მე-18-ე საუკუნის მიწურულს კარლ ფონ ეკარტსჰაუზენის (1752–1805წწ.) წიგნში „ღრუბელი საკურთხეველზე“. ეკარტჰაუზენმა ამ მისტიკოსთა საზოგადოებას, რომლებიც აგრძელებენ აქტიურ მოქმედებას მიწიერი ცხოვრების დასრულების შემდეგაც, უწოდა „სინათლის საბჭო“. მის მიერ შემოთავაზებული იდეა განსხეულებაში მყოფ და ამაღლებულ მისტიკოსთა ურთიერთობის შესახებ, ნაწილობრივ ეყრდნობა ისეთ ქრისტიანულ ცნებას, როგორიცაა „წმინდანთა ზიარება“ და ასევე ევროპაში გავრცელებულ შეხედულებას გასხივოსნებულ პიროვნებათა საიდუმლო საზოგადოებების შესახებ.[5]

თეოსოფია

რედაქტირება

მე-19-ე საუკუნის მეორე ნახევარში ბლავაცკაიას მოღვაწეობით ტერმინმა — „დიადი თეთრი საძმო“ ჰპოვა ფართო გავრცელება. იგი ამტკიცებდა რომ მისი ძირითადი ნაშრომები (საიდუმლო დოქტრინა, მხილებული იზიდა და სხვ.) იყო ტელეპატიურად მიღებული იმ დროისთვის განსხეულებაში მყოფი თეთრი საძმოს წარმომადგენლებისაგან: მაჰათმა მორია და კუთჰუმი.[2][4] თეოსოფიის დოქტრინაში ჩამოყალიბებული ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია კაცობრიობის ევოლუციის მრავალდონიანი გამოხატულება, რომელიც მიმდინარეიბს, როგორც სამყაროს ფიზიკურ, ასევე სულიერ გეგმილზე. კაცობრიობის განვითარების სწორება სამყაროს ევოლუციის საერთო მიმართულებაზე ხორციელდება მაღალსულიერი განვითარების მქონე ინდივიდუმების მიერ, რომლებსაც სწავლებაში „ძველი სიბრძნის ოსტატებს“ უწოდებენ. ისინი კაცობრიობის ახლო იერარქიულ რგოლს წარმოადგენენ, რომელთა უკან უფრო მაღალგანვითარებული წარმომადგენლები გვევლინებიან.[2]

აგნი იოგა (ცოცხალი ეთიკა)

რედაქტირება

ნიკოლოზ რერიხმა და მისმა მეუღლემ ელენე რერიხმა 1920–1940 წლებში გამოსცეს წიგნების სერია, რომლებშიც სხვა თემებთან ერთად აღწერილია სულიერი იერარქიის მოღვაწეობა. ნ.რერიხის წიგნის „სინათლის სამყოფელი“ წინასიტყვაობაში ლ.შაპოშნიკოვა საუბრობს დიადი თეთრი საძმოს მნიშვნელობაზე, სადაც დასძენს, რომ:

 
„დიადმა მასწვლებლებმა განვლეს რა კაცობრიობის განვითარების მთელი გზა, ამა თუ იმ ფორმით მოჰქონდათ ცოდნა და კაცობრიობას ხელს უწყობდნენ კოსმიური ევოლუციის შედეგად გამოწვეული მოსალოდნელი ცვლილებების გააზრებაში. მათში განპიროვნდა კოსმიური ძალები, რომლებიც უზრუნველჰყოფენ ევოლუციის მსვლელობას მის ყველა დონეზე. მათი დახმარების გარეშე ამგვარი წინსვლა ვერ შედგებოდა. დიადი მასწავლებლები გვევლინებოდნენ სულიერ მოძღვრებად, რელიგიურ რეფორმატორებად და ასევე ახალი ცოდნის აღმომჩენებად. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი ბევრი მათგანის სახელები: ბუდა და ქრისტე, ზოროასტრი და ნაგარჯუნა, კრიშნა და ჰერმესი და სხვანი. თითოეულ მათგანს თავისი საფეხური ეკუთვნოდა განსულიერებული კოსმოსის იერერქიის კიბეზე. ასევე, რერიხების მასწავლებელსაც ეკუთვნოდა - მისი მაღალი ადგილი. ეს პირობითი კიბე უსაზღვროა და მაღლა მიემართება უსასრულობისკენ. მასზე იმყოფებიან მოწაფეები და მასწავლებელთა მასწავლებლები.[7]

ამაღლებულ მეუფეთა სწავლება

რედაქტირება

XX–XXI სს-ში „დიადი თეთრი საძმოს“ ცნების შესახებ წარმოდგენები მნიშვნელოვანწილად შეავსეს და მეტად ცნობლი გახადეს ამაღლებულ მეუფეთა სწავლების წარმომადგენლებმა (გ. ბალლარდი, მარკ და ელიზაბეტ პროფეტები, ტ. მიკუშინა).[2][8][9] თუ ადრე წინამორბედთა განხილვის მთავარი თემა დიადი თეთრი საძმოს რაობას ეხებოდა, ახლა მათთან ურთიერთქმედების საკითხი ცენტრალური გახდა. დღეისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა საძმოს ცნობად წარმომადგენელთა ჩამონათვალი და ასევე წვდომადია მათი მოღვაწეობის დეტალები. სწავლების საფუძველს წარმოადგენს მეუფეთა სახელით მიღებული გზავნილები, მაგ.:[10][11][12]

 
„თქვენ მიეჩვიეთ სიყვარულის განცდას მშობლების, მამაკაცებისა და ქალების, ბავშვების მიმართ. ყოველივე ეს ერთიანი ღვთაებრივი სიყვარულის ნაირსახოვან გამოხატულებას წარმოადგენს. თუმცა ეს მხოლოდ მცირე და ვიწრო გამოვლენაა. მე თქვენ გესაუბრებით დიდი სიყვარულის შესახებ. იმ სიყვარულზე, რომელიც არ განარჩევს კაცს, ქალს, ბავშვს, ცხოველსა და ბუნებას. მე გესაუბრებით იმ სიყვარულზე, რომელიც ვრცელდება შეუზღუდავად და თქვენს გარემოში არსებულ ყველა ქმნილებას იტევს თავის თავში. დედამიწაზე მიმდინარე ევოლუციათა ხელმძღვანელი ამაღლებული მეუფენი, ამა თუ იმ დონეზე, ყველა ფლობს ამ სიყვარულის ხარისხს. დამერწმუნეთ, რომ არა თქვენს მიმართ არსებული ყოვლისმომცველი სიყვარული, ჩვენ უბრალოდ ვერ გავუძლებდით, მილიონობით წლების განმავლობაში, დედამიწის კაცობრიობაზე ზრუნვას. თქვენ წარმოადგენთ ღმერთის ნაწილს, ამიტომაც განვიცდით ყოვლისმომცველ სიყვრაულს თქვენდამი და არა იმიტომ რომ ასეთი კარგები ხართ. თითოეულ თქვენთაგანშია მთვლემარე ღვთიური ნაწილი და თქვენი ამოცანაა, გამოავლინოთ იგი და ამით მისცეთ ღმერთს საშუალება - იმოქმედოს თქვენის გავლით.[13]

ანალოგიური კონცეპციები ტრადიციულ რელიგიებში

რედაქტირება

ბუდიზმში კაცობრიობის მასწავლებლებს მოიხსენიებენ შამბალასთან კავშირში. შამბალა ასევე ფიგურირებს ,,კალაჩაკრა — ტანტრას" ბუდისტურ წმინდა ტექსტებშიც, — რომლებიც შეიცავს დედამიწაზე მომავალი მოვლენების წინასწარმეტყველებას, და ,,შამბალას მეუფეები" კი აღწერილია როგორც კაცობრიობის მშობელი მასწავლებლები, რომელთა მიერ გადაცემული ცოდნა ადამიანებმა რელიგიად აქციეს. ეს მასწავლებლები არიან ბუდები და ბოდჰისატვები, რომლებიც ცხოვრობენ შამბალას დედაქალაქში — კალაპეში.[2]

ქრისტიანობა

რედაქტირება

საერთაშორისო ასოციაციის „მშვიდობა კულტურის გზით“ პრეზიდენტის, გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტის პროფესორის ვ.მ. სიდოროვის აზრით: ტერმინ ,,თეთრ საძმოში „იგულისხმება“ არსებები რომლებმაც მნიშვნელოვნად გაუსწრეს თავისი სულიერი და ფსიქიკური განვითარებით კაცობრიობას. ესენი არიან კოსმიური ცნობიერების ადამიანები, რომლებიც თითქოს წარმოქმნიან ერთიან თემს დედამიწაზე… თეთრი საძმო — ეს კაცობრიობისგან განუყოფელი, კოსმიური შტოა. ქრისტიანულ ეზოთერიზმში თეთრი საძმოს სინონიმად გვევლინება განსაზღვრება „ამაღლებული კაცობრიობა“.

საძმოს წარმომადგენლების ადგილსამყოფელი

რედაქტირება

ე. რერიხი თვლიდა, რომ თეთრ საძმოს აქვს თავისი „სინათლის ქალაქი“ ან „ზეციური შამბალა“ — ნატიფ სამყაროში, მაგრამ ასევე, როგორც მისი ანარეკლი, არსებობს მიწიერი შამბალაც, მიუდგომელ ტრანსჰიმალაის სიმაგრეებში. თეოსოფ პ.ერვასტის სიტყვებით: ,,თეთრი საძმო აერთიანებს თავის თავში, ყველა ხილულ და უხილავ ოსტატებს, ასევე მათაც, ვინც თავი მიუძღვნა მსახურებას, როგორც ადეპტმა. ხილული საძმოს გული იმყოფება ჰიმალაის მთებში, ხოლო ცალკეული ადეპტები ცხოვრობენ დედამიწის სხვადასხვა ადგილას.[14][15]

საძმოს კონცეფცია ლიტერატურაში

რედაქტირება
  • ფ. ოლივერი — „ორი პლანეტის მოქალაქე“ — აღწერილია მთავარი გმირის ფილოსის რამოდენიმე განსხეულება, რომელიც მოიცავს პერიოდს დაწყებულს ატლანტიდიდან და გაგრძელებულს XIX ასწლეულის ამერიკის შეერთებულ შტატებამდე. იგი უახლოვდება რა სულიერ ამაღლებას, მას სულ უფრო და უფრო ხშირად უწევს შეხება იმ საზოგადოების წევრებთან, რომლებიც წიგნში მოხსენიებულია როგორც — „მარტოობის ძენი“.
  • დ. ბრინკლი, „სინათლით გადარჩენილი“ — რომელშიც ავტორი ყვება საკუთარი კლინიკური სიკვდილის გამოცდილებაზე და აღწერს მას როგორც სხვა განზომილებაში ყოფნას, სადაც მას ურთიერთობა აქვს სინათლის 13 არსებასთან, რომლებიც კურირებენ დედამიწაზე ევოლუციის პროცესს.
  • კონკორდია ანტაროვა, „ორი სიცოცხლე“ — რომანი, სადაც მხატვრული ფორმით გადმოცემულია თეოსოფიისათვის დამახასიათებელი კატეგორიები, რომელთა შორისაც არის ცნება — „სიბრძნის მეუფეები“ (დიად თეთრ საძმოზე).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Great White Brotherhood | Encyclopedia.com.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Melton, J. Gordon. „Ascended Masters“, Encyclopedia of Occultism and Parapsychology. Gale Group, Inc, გვ. 92–93. ISBN 0-8103-8570-8. 
  3. McClelland, Norman C. (2010). „Ascended masters“, Encyclopedia of Reincarnation and Karma. McFarland & Company, Inc., Publishers, გვ. 30. ISBN 9780786448517. 
  4. 4.0 4.1 Melton, J. Gordon. „Adepts“, Encyclopedia of Occultism and Parapsychology. Gale Group, Inc, გვ. 11. ISBN 0-8103-8570-8. 
  5. 5.0 5.1 McClelland, Norman C. (2010). „Great White Brotherhood“, Encyclopedia of Reincarnation and Karma. McFarland & Company, Inc., Publishers, გვ. 102. ISBN 9780786448517. 
  6. 6.0 6.1 Ascended Masters | Encyclopedia.com.
  7. Предисловие | Электронная библиотека ru.
  8. Tatyana Mickushina en-EN.
  9. Л. Зитара - Подарить душе крылья ru-RU (2016-12-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-21.
  10. York, Michael (2004). „Church Universal And Triumphant“, The A to Z of New Age Movements. Scarecrow Press, გვ. 164—168. ISBN 978-0-8108-6332-3. 
  11. Lewis, James R. (2005). Controversial New Religions. Oxford University Press, გვ. 281—286. ISBN 9780195156829. 
  12. Mather, George A. (2006). „Church Universal and Triumphant (CUT); The “I AM” Ascended Masters“, Encyclopedic Dictionary of Cults, Sects, and World Religions. Zondervan, გვ. 83–87. ISBN 978-0-31023954-3. 
  13. Слово Мудрости - 7 ru.
  14. Белое братство.
  15. Ervast, Pekka (1905). Salatieteilijan_sanakirja. Teosofinen Kirjakauppa ja Kustannusliike, გვ. 55. ISBN 5932291087.  დაარქივებული 2022-02-23 საიტზე Wayback Machine.