დვირის ციხე
დვირის ციხე — ციხესიმაგრის ნანგრევები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის დასავლეთით, მტკვრის მარჯვენა ნაპირის გორაზე. თავდაპირველი სამშენებლო ფენის მიხედვით იგი XIII-XIV საუკუნეებს მიეკუთვნება. ჩანს გვიანდელი გადაკეთების კვალიც. ციხეს რთული გეგმა ჰქონია და ადგილობრივი კლდის ქვით ყოფილა ნაგები. ციხე ორ იარუსად ყოფილა განლაგებული. კედლების წყობა შერეულია. ქვედა იარუსის კედელი ფართო ღიობით მტკვარს გადაჰყურებს. გალავნის ცენტრში გაჭრილია 230 სმ სიმაღლისა და 130 სმ სიგანის კარები. ციხე აშენებულია მონაცისფრო, ფლეთილი, სხვადასხვა ზომის ქვებით და დუღაბის სქელი ხსნარით.
წერილობით წყაროებში ეს ციხე არ იხსენიება, მაგრამ ის, რომ აქ გამავალი მნიშვნელოვანი გზის მაკონტროლებელი სიმაგრე იყო, ამას ნათელყოფს XX საუკუნის 20-იან წლებში დვირში აღმოჩენილი XI საუკუნის ბიზანტიური მონეტების განძი. ციხის მახლობლად არის ნახიდურის ბურჯები მტკვარზე, მცირე ნასოფლარი და ორნავიანი ეკლესია — საკვირიკე, რომელიც IX-X საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ეს ნასოფლარი ახლა დვირის ტერიტორიაზეა, ადრე ცალკე სოფელი ყოფილა: „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ დვირი მოხსენიებულია როგორც სოფელი, საკვირიკე კი — როგორც ნასოფლარი.
1732 წლის 21 ივლისს შეესია ლეკები ქვიშხეთს, შემდეგ გაიარეს ხეობა და მიუხდნენ დვირს, რომლის აღების შემდეგაც წაუხდენიათ ასპინძა, ოშორა და მისი მიმდგომი მხარეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 396.
- ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985 წელი
- გელაშვილი ბ., თორის ხეობის თავდაცვითი ნაგებობების ისტორიისათვის, გულანი, ახალციხე 2011
- გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
- შუბითიძე ვ., ქართული ციხე-სიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები, თბ., 2012
- გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 61-62