გიორგი დვალი

ქართველი ფიზიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან დვალი, გიორგი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვალი.

გიორგი (გია) დვალი (დ. 30 მაისი, 1964, თბილისი) — ქართველი ფიზიკოსი.

გიორგი დვალი
დაბ. თარიღი 30 მაისი, 1964(1964-05-30) (60 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფიზიკოს-თეორეტიკოსი და ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდია, Alexander von Humboldt Professorship, ჰუმბოლდტის პრემია და Packard Fellowship for Science and Engineering[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი (გია) როლანდის ძე დვალი დაიბადა 1964 წლის 30 მაისს, თბილისში. დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1985 წელს დაიცვა დიპლომი ზურაბ ბერეჟიანის ხელმძღვანელობით. 1985-92 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში. 1992-93 წლებში იყო თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP, ტრიესტი, იტალია), ხოლო 1993-95 წლებში — პიზის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტი, 1995-97 წლებში — ბირთვული კვლევის ევროპული ცენტრის (CERN) მკვლევარი, 1997-98 წლებში – ICTP-ს პროფესორი, 1998 წლიდან — ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი. დვალის კვლევის სფეროა ელემენტარული ნაწილაკების თეორია, კოსმოლოგია, კვანტური გრავიტაცია, ადრეული სამყაროს ევოლუცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებიც დვალმა მიიღო კოლეგებთან ერთად (ნ. არკანი-ჰამედი, ირანი, ს. დიმოპოულოსი, საბერძნეთი), ეხება სამყაროს ფარული განზომილებების თეორიას (1998).

ამ თეორიის თანახმად, სუბმილიმეტრულ მანძილებზე საჭირო ხდება ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის შეცვლა, რადგან სხეულთა შორის მოქმედი მიზიდულობის ძალის დამოკიდებულება მათ შორის მანძილზე ხდება უფრო ძლიერი (და ფარული განზომილებების რაოდენობაზე დამოკიდებული), ვიდრე ნაწინასწარმეტყველებია ნიუტონის თეორიით. ამჟამად მიმდინარეობს ამ ჰიპოთეზის ექსპერიმენტული შემოწმება.

დვალს მიღებული აქვს დ. და ლ. პაკარდების (1999), ა. სლოუნის (2000), ნიუ-იორკის მერის (2001) ჯილდოები მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში მიღწეული წარმატებისათვის. 2007 მიიღო ნიუ-იორკის უნივერსიტეტის „ვერცხლის პროფესორის“ წოდება, ხოლო 2008 წელს მიენიჭა ჰუმბოლდტის პრემია, რომელიც ნობელის პრემიის ანალოგიურია. მონაწილეობს დიდი ჰადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში. იწინასწარმეტყველა, რომ ამ ექსპერიმენტში შესაძლებელია მიკროსკოპული შავი ხვრელების წარმოქმნა და გააანალიზა ამ მოვლენის შესაძლო დაკვირვებითი შედეგები. 2010 წლიდან არის მაქს პლანკის ინსტიტუტის (მიუნხენი, გერმანია) დირექტორი. დვალი ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა. მშობლიური ენის გარდა ფლობს: ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და იტალიურ ენებს. მეუღლე — თამუნა დვალი. ჰყავთ ქალ-ვაჟი — სოფო და დათო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. https://as.nyu.edu/faculty/georgi-dvali.html
  2. https://www.packard.org/what-we-fund/science/packard-fellowships-for-science-and-engineering/fellowship-directory/dvali-georgi/