ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
დემოტური დამწერლობა — ჰიერატიკული დამწერლობისაგან წარმომდგარი ეგვიპტური შრიფტი, რომელმაც ძვ. წ. VII საუკუნიდან წინა პლანზე წამოიწია და დემოტური ენისათვის გამოიყენებოდა. დამწერლობა კურსივი სახისაა.
ტერმინ დემოტურს (ბერძნულად სახალხო) იყენებს ჰეროდოტე, ხოლო პორფირიოსი ეგვიპტური დამწერლობის ამ სახეს ეპისტოლოგრაფიულს უწოდებს, რასაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სიტყვა დემოტურს. დაახლოებით 1000 წლის მანძილზე გამოიყენებოდა დემოტური, როგორც ყოველდღიური ხმარების შრიფტი, სანამ სალაპარაკო ენა სხვა მხრივ არ განვითარდა. ამ დროის განმავლობაში იეროგლიფები მხოლოდ ძეგლების, შენობების მოსაკაზმად გამოიყენებოდა, დემოტური კი უფრო მეტად საღვთო და რელიგიური დანიშნულების ტექსტებში გვხვდება.
დემოტურით შესრულებული ტექსტი რთულია წასაკითხად, რადგან იგი ბევრ მსგავს ნიშანსა და ლიგატურას შეიცავს. ასევე თავდაპირველი ფორმები შეცვლილია სწრაფი წერისა გამო; ნიშანთა მოხაზულობები სხვადასხვა ხელნაწერებში ინდივიდუალურია და კალიგრაფიაზეცაა დამოკიდებული.
წერის სისტემა ეგვიპტური იეროგლიფების მსგავსია. არის ფონოგრამები, რომელთაგან ზოგი ბევრ თანხმოვანს გადმოგვცემს, ზოგიც რამდენიმეს. იეროგლიფებისაგან განსხვავებით, ზოგიერთი ერთ თანხმოვნიანი ნიშნების სპეციალური ფორმები სიტყვის დასაწყისშიც გვხვდება. იეროგლიფებისაგან დემოტური იმითაც განირჩევა, რომ ნიშნები ხმოვნებისთვისაც შეიძლება იყოს ჩასმული სიტყვაში, განსაკუთრებით კი უცხოურ სიტყვებში. თანხმოვან w–ს ხშირად იყენებენ ხმოვნების ო და უ–ს ჩასაწერადაც, ასევე j-ს – ი–ს ჩასაწერად. იეროგლიფების მსგავსად დემოტურშიც გვხვდება დეტერმინატივები. ნიშნების ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ არაა გარკვეული, თუმცა დაახლოებით ასამდეა. ბევრი ნიშანი მრავალმნიშვნელოვანია, რადგან ისინი სხვადასხვა იეროგლიფისაგან არიან მიღებულნი. რომეულ პერიოდშიც დემოტური დამწერლობის ანბანური ნიშნების გამოყენება ჯერ კიდევ ფართო იყო, ამ დროს ნიშნების მოხაზულობა თანდათან დაპატარავდა.