დარეჯან შილდელი
დარეჯან შილდელი — ქართველი სახელოვანი ქალი, მან ლეკების შემოსევებისგან არაერთხელ იხსნა შილდის მოსახლეობა. მისი ზუსტი დაბადების და გარდაცვალების თარიღები უცნობია.
თქმულება
რედაქტირებადარეჯან შილდელის შესახებ ერთ-ერთი ქართული ხალხური თქმულება შემდეგს გვიამბობს: „საკვირველი ქალი ყოფილა დარეჯან შილდელი, მას შინაურები „პაპიდა დარეჯოს“ უწოდებდნენ. სიმამაცით გამსჭვალული იყო მთელ ამ მხარეში. ცხენის ჯირითი და იარაღის ხმარება ისე კარგად იცოდა, რომ ბევრი ვაჟკაცი შენატროდა.
ერთხელ ლეკები შემოსულან შილდაში, დარეჯან-შილდელი მტრის დასახვედრად თადარიგს შემოსდგომია. ქალი თუ კაცი, ბავშვი თუ დიდი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ერთ გამაგრებულ ადგილას შეუყვანია, თვითონ თოფით და გალესილი ხმლით შეიარაღებული ღია კარს ამოფარებია. რამდენიმე ცხენოსანი ლეკი შევიდა იმ სახლის ეზოში, სადაც დარეჯანს ჰყავდა ხალხი შეხიზნული. ლეკებმა რომ კარი ღია დაინახეს, ეგონათ მცხოვრებლები გაქცეულანო და გადაწყვიტეს სახლის გაძარცვა. ცხენები ურმის ჭალზე გამოაბეს, ხოლო ერთი ლეკი კი სასწრაფოდ გაიქცა სახლისკენ, რომ მოესწრო ნადავლის ხელში ჩაგდება. შედგა თუ არა ფეხი, დარეჯანმა ხანჯალი დაჰკრა გულში და უხმოდ გააგორა. შეხიზნულებმა მკვდარი ლეკი მიმალეს, რომ სახლში შემოსულ სხვა თავდამსხმელებს არ დაენახათ. შემოვიდა მეორე ლეკი, ამასაც დარეჯანმა ისე მოხერხებულად დაარტყა ხმალი, რომ თავი შუაზე გაუხეთქა. დარეჯანმა მოკლული იქვე კუთხეში მიმალა, ხოლო კარებისაკენ რომ გამობრუნდა, კაბა რაღაცას წამოედო, დარეჯანი მიბრუნდა და დაინახა, რომ კაბა წამოდებოდა მკვდარი ლეკის ხანჯლის წვერს. მან მკვდარს ხანჯალი სასწრაფოდ ააძრო და კვლავ კარებს უკან ჩადგა. ამ დროს შეამჩნია, რომ ლეკი კარებში შემოდიოდა. დარეჯანმა მოსულს ისე მოულოდნელად და ღონივრად შემოუქნია ხანჯალი, რომ მას ხანჯლიანი მარჯვენა ჩამოათალა. გამწარებულმა ლეკმა ღრიალი მორთო, მაგრამ ბევრი აღარ აცადეს, ისიც შეათრიეს სახლში და წუთისოფელს გამოასალმეს.
დარეჯანმა ამ გაცხარებულ ბრძოლაში მალულად ხუთი ლეკი მოკლა, ამით მან საშუალება მისცა შილდელებს მტრის დარბევისაგან გადარჩენილიყვნენ. ლეკები დარწმუნდნენ, რომ ამ სახლში არავინ არ იყო, რადგან დარეჯანის უხმაურო ბრძოლა მათთვის შეუმჩნეველი იყო. მათ დალაშქრული სოფელი დატოვეს. ამ სახლს გვერდი აუარეს და აჩქარებით გაეშურნენ დაღესტნისკენ“.
ლიტერატურა
რედაქტირება- დავით ქორიძე, „სახელოვანი ქართველი ქალები“, თბ., 1965.