დამწვრობითი დაავადებაკანის, ლორწოვანი გარსისა და მათ ქვეშ მდებარე ქსოვილების დაზიანება მაღალი ტემპერატურის (თერმული დამწვრობა), ქიმიური ნივთიერების (ქიმიური დამწვრობა), ელექტრული დენის (ელექტროთერმული დამწვრობა), მაიონიზებელი გამოსხივების (სხივური დამწვრობა) და სხვა მოქმედებით.

დახასიათება რედაქტირება

დამწვრობის დაზიანების სიმძმე განისაზღვრება დამწვარი ზედაპირის სიღრმითა და სიფართოვით. განარჩევენ ზედაპირულ და ღრმა დამწვრობას. ზედაპირულს განეკუთვნება: I (კანის გაწითლება და შეშუპება), II (კანზე სითხით სავსე ბუშტულების გაჩენა) და III (კანის ზედა შრეების ნეკროზი) ხარისხის დამწვრობა; ღრმას კი III (კანის ყველა შრის ნეკროზი) და IV (კანისა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების — ფასციის, კუნთების, მყესების, ძვლების დანახშირება) ხარისხის დამწვრობა. დამწვრობა ზოგჯერ ორგანიზმში მთელი რიგი ორგანოებისა და სისტემების ფუნქციის მოშლას იწვევს. როდესაც ზედაპირული დამწვრობის ფართი სხეულის ზედაპირის 20%-ს აღწევს, ხოლო ღრმა დამწვრობისა 10%-ს აღემატება, ვითარდება დამწვრობითი დაავადება, სადაც განარჩევენ შოკის, მწვავე ტოქსემიის (მიკრობთა ტოქსინებით და ქსოვილთა დაშლის პროდუქტებით ორგანიზმის მოწამვლა), სეპტიკოტოქსემიისა (ემატება ჩირქოვანი პროცესი) და რეკონვალესცენციის ანუ გამოჯანსაღების პერიოდს.

პირველი დახმარება რედაქტირება

ავადმყოფს ათავსებენ თბილ ოთახში, აძლევენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს, დამწვარ არეებზე აფარებენდამწვრობის საწინააღმდეგო მალამოთი ან ხსნარით გაჟღენთილ სტერილური დოლბანდის საფენებს, ფართო დამწვრობის დროს კი ახვევენ სუფთა, გაუთოებულ ზეწარში. მჟავებით დამწვრობის დროს დაზიანებულ ადგილს ჯერ გამდინარე წყლით მობანენ, შემდეგ, სოდის სუსტ (2%-იან) ხსნარში დასველებულ საფენებს დაადებენ, ხოლო ტუტეებით დამწვრობის შემთხვევაში — სუსტი მჟავების (2%-იანი ძმრის, ბორის, 5%-იანი ლიმონის) ხსნარში დასველებულ საფენებს. საყლაპავისა და კუჭის დამწვრობისას საჭიროა კუჭის რამდენჯერმე ამორეცხვა წყლით, შემდეგ დიდი რაოდენობით სითხის (წყალი, რძე) დალევა, კარაქის ან უმი კვერცხის გადაყლაპვა. თვალების დამწვრობის დროს თვალებს ჯერ წყლით ბანენ შემდეგ სპეციალურ მკურნალობას უნიშნავენ. დამწვრობის ყველა შემთხვევაში აუცილებელია ავადმყოფის დროული ჰოსპიტალიზაცია. სტაციონარში მოთავსებისთანავე ავადმყოფს უკეთებენ ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატს და ანტოქსინს. დამწვრობის ირგვლივ კანს ამუშავებენ ანტისეპტიკური ხსნარებით, დაზიანებულ ადგილზე ადებენ ანტიბაქტერიულ მალამოს და უხვევენ (მკურნალობის დახურული წესი). ზოგჯერ ჭრილობას ღიად ტოვებენ. ღრმა დამწვრობის შემდეგ დარჩენილი კანის დეფექტის დასაფარავად მიმართავენ კანის გადანერგვას.

საერთო მკურნალობა რედაქტირება

საერთო მკურნალობა: დამწვრობით გამოწვეული შოკის წინააღმდეგ ბრძოლა; ჟანგბადით მკურნალობა, სისხლის და მისი შემცვლელი სითხეების, ცილების, სპეციალური შრატებისა და სხვათა გადასხმა; ანტიბიოტიკები, ანტიჰისტამინური და ჰორმონალური პრეპარატები, ვიტამინები, ცილებით მდიდარი კალორიული საკვები, ასეპტიკის ზუსტი დაცვა; ნაწოლებისა და სხვა მოსალოდნელი გართულებების პროფილაქტიკა.

ლიტერატურა რედაქტირება