დამფუძნებელი კრების სახელოვნებო კომისია

დამფუძნებელი კრების სახელოვნებო კომისია1919 წელს არჩეულ საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში, სხვა საპარლამენტო კომისიებთან ერთად, დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო როლი ენიჭებოდა სახელოვნებო კომისიას, რომელიც ხელმძღვანელობდა მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების განხორციელებას საგანმანათლებლო-კულტურულ სფეროში. სახელოვნებო კომისია განიხილავდა სხვადასხვა საკითხებს დემოკრატიულ საქართველოში ხელოვნების სხვადასხვა დარგში არსებულ პრობლემებზე; განსაკუთრებული მჭიდრო კავშირი ჰქონდა სამუსიკო, თეატრალურ, მხატვართა საზოგადოებებთან, საქართველოს მწერალთა კავშირთან. ხელოვნების კომისიის თავმჯდომარე ჯერ იყო კოტე ანდრონიკაშვილი, შემდეგ - პავლე საყვარელიძე, ბოლოს კი - ივანე გომართელი. ხშირად იცვლებოდნენ მისი წევრებიც, მაგრამ, სხვადასხვა პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველა წევრი გულისხმიერ დამოკიდებულებას იჩენდა ხელოვანი ადამიანების, პედაგოგებისა და საზოგადო მოღვაწეთა მიმართ. კომისია შემოსულ თხოვნებსა და წინადადებებზე თათბირებს მართავდა თბილისის საზოგადოებრივ-კულტურულ დაწესებულებებთან, საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან. სახელოვნებო კომისია განიხილავდა ეკლესიაში განვითარებულ ისეთ მოვლენებს, რომელიც უკავშირდებოდა ქართულ ხელოვნებას, არქიტექტურული ძეგლების მდგომარეობას. 1920 წლის იანვარში ამ კომისიამ შეისწავლა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარ ლეონიდეს მიმართვა სვეტიცხოველში ჩუქურთმების დაზიანების შესახებ. კომისია საპატრიარქოს ჰპირდებოდა დახმარებას. კომისიის ყურადღების ცენტრში იყო ახალგაზრდა საქართველოს რესპუბლიკის არმიის ჩაცმულობა, ჯარისკაცთა ტანსაცმლის დიზაინი. ამ მიზნით შეიკრიბნენ სახელოვნებო კომისიაში საფინანსო და სამხედრო სამინისტროების წარმომადგენლები; იმსჯელეს ოფიცერთა და ჯარისკაცთა ჩაცმულობაზე, ძველ ჩაცმულობაში სიახლის შეტანაზე. სახელოვნებო კომისიამ განიხილა ამ დროს ახალი ტექნიკური მიღწევის და საქართველოსთვის სრულიად უცხო წარმოების - თვითმფრინავების შექმნის საკითხი. კომისიას მრავალმხრივი მუშაობა ევალებოდა, მას უნდა დაერეგისტრირებინა თეატრისა და ხალხური სიმღერების მოყვარული საზოგადოებები, დაემტკიცებინა მათი წესდებები, შეესწავლა და ემსჯელა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა პრობლემებზე. 1920 წელს დაარსდა საქართველოს სამხატვრო გალერეა. კომისიაში განიხილეს განათლების სამინისტროს მიერ შედგენილი დეკრეტი სამხატვრო გალერეის დაარსებისა და ფუნქციონირების შესახებ, ხოლო დამფუძნებელ კრებაში ამ საკითხზე მომხსენებლად ექვთიმე თაყაიშივილი წარსდგა. კომისიამ ასევე განიხილა მუზეუმის შენობის აგებისა და მისი დაარსების საკითხი. ეროვნულ ხელისუფლებას კარგად ესმოდა კავკასიის მუზეუმის მნიშვნელობა და თავიდანვე დიდი ყურადღება დაუთმო ამ საკითხს. კავკასიის მუზეუმი იყო ქართველი ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის თავმოყრისა და დაცვის ადგილი, მის ბაზაზე ეროვნული მუზეუმის შექმნა მოიაზრებოდა. 1919 წლის 1 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი კავკასიის მუზეუმის გაუქმებისა და საქართველოს მუზეუმის შექმნის შესახებ. დამტკიცდა საქართველოს მუზეუმის დებულება. ხელოვნების კომისიაში დაარსდა ე. წ. „მცირე კომისია“, რომელიც უფრო დეტალურად სწავლობდა განათლებისა და ხელოვნების პრობლემებს. ამ კომისიას სათავეში ჩაუდგნენ დამფუძნებელი კრების წევრები: პავლე საყვარელიძე, ივანე გომართელი და გერონტი ქიქოძე. ხელოვნების კომისიის მუშაობას ხშირად ესწრებოდნენ: განათლების მინისტრი, ქალაქისთავი, სხვადასხვა დაწესებულება-ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ამა თუ იმ დარგის ბედზე პასუხისმგებელი თუ დაინტერესებული პირები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 123.