დამანები, ჰირაქსები (ლათ. Hyracoidea) — ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძეა 30-60 სმ, კუდისა — 1-3 სმ, წონა დაახლოებით — 4,5 კგ. აქვთ დიდი თავი, მოკლე და სქელი კისერი, მოკლე კიდურები, წინა ფეხებზე ოთხ-ოთხი, უკანაზე კი სამ-სამი თითი, თათების ძირზე პატარა ბალიშები. რაიმეზე დაყრდნობისას თათის ცენტრალური ნაწილი ზევით იწევს, წარმოიქმნება ვაკუუმი და თათი ზედაპირს მიეკვრება; ამას ხელს უწყობს აგრეთვე თათის ძირის ჯირკვლების რეზინისმაგვარი სეკრეტი. ამიტომაა, რომ დამანები თავისუფლად დარბიან ვერტიკალურ კედელზე და ხის ზროზე.
დამანებს სხეული ხშირი ბალნით აქვთ დაფარული. ზურგის შუაგულში წაგრძელებული ბალნების კონაა, რომლის ცენტრში მოშიშვლებული ადგილია. აქ იხსნება ჯირკვლები, რომელთა სეკრეტს გამრავლების პერიოდში მკვეთრი სუნი აქვს. ცნობილია დამანების ცხრა სახეობა. გავრცელებული არიან წინა აზიაში, შუა და სამხრეთ აფრიკაში. დამანების ხორცს საკვებად იყენებენ.