დავით ჭოჭუა
დავით ჭოჭუა (დ. 11 აგვისტო, 1982[1] — გ. 10 დეკემბერი, 2015[2]) — ქართველი დიპლომატი, ფონდ „ბილივის“ თანადამფუძნებელი და „ალექსანდრე ქართველის საზოგადოების“ ბორდის წევრი. 2012 წლის სექტემბრიდან ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილედ, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწედ, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პროექტის ანალიტიკოსად. ასევე მუშაობდა ეუთოს გენერალური სამდივნოს ანტი-ტერორისტულ განყოფილებაში.[3]
საჯარო სექტორის გარდა, დავით ჭოჭუა მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში (2006-2007 წლებში იყო საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გენერალური მდივანი და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პროექტის ოფიცერი) და მასმედიაში (2003-2004 წლებში იყო „24 საათის“ ინგლისური ვერსიის რედაქტორი.)[3]
პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა 2007 წლიდან, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის GIPA, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი,კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი.[3]
დავით ჭოჭუას ჰქონდა ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში (თსუ), მაგისტრის ხარისხი ევროკავშირის პოლიტიკაში (ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი) და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში (ვენის დიპლომატიური აკადემია/ვენის უნივერსიტეტი). იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დოქტორანტი. გაიარა არაერთი სასწავლო კურსი (აშშ, გერმანია, ისრაელი). გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (ჰოლანდია, ნორვეგია).[3]
დავით ჭოჭუას დაწერილი აქვს ერთი რომანი ფენტეზის ჟანრში – „ალდენორი“[4] (2015). დავით ჭოჭუას „ალდენორი“ დაგეგმილი „სინათლის ორდენის ქრონიკების“ პირველი წიგნი იყო, რომელსაც ბოროტ ძალასთან დაპირისპირებული ადამიანების ამბავი უნდა მოეთხრო. არარეალური სამყარო, სადაც მოქმედება ვითარდება, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებულ საფრთხეს, შიშს, ღალატს, ერთგულებას, მეგობრობასა და სიყვარულს იტევს.