დავით ნაცვლიშვილი (სამხედრო)

დავით მალაქიას ძე ნაცვლიშვილი (ნაცვალოვი; დ. 8 ნოემბერი, 1859 — გ. 20 სექტემბერი, 1915) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (სიკვდილის შემდეგ, 1916). დაიღუპა I მსოფლიო ომში.

ბიოგრაფია

რედაქტირება

წარმომავლობით თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. სამხედრო სამსახურში იყო 1878 წლის აგვისტოდან. დაამთავრა პავლეს I სამხედრო სასწავლებელი (1879), შემდეგ ოფიცერთა საარტილერიო სკოლა. სხვადასხვა დროს მსახურობდა 38-ე საარტილერიო ბრიგადაში, კავკასიის სარეზერვო საარტილერიო ბრიგადაში, 21-ე საარტილერიო ბრიგადაში. 1912 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. I მსოფლიო ომის დროს მეთაურობდა 21-ე საარტილერიო ბრიგადის მე-2 დივიზიონს. სასიკვდილოდ დაიჭრა ბრძოლის ველზე. 1916 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება (სიკვდილის შემდეგ).

დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II (1904), წმ. ანას II (1909), წმ. ვლადიმერის IV (ხმლებითა და ბაბთით) და III (ხმლებით, ორივე 1915), წმ. გიორგის IV (სიკვდილის შემდეგ, 1916; 1915 წლის 13 მაისს სოფ. ვილევთან გამოჩენილი თავდადებისთვის) ხარისხის ორდენებით, გიორგის იარაღით (1915; 1914 წლის ნოემბერში სოფ. ლგოტ-მურავანთან ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის). ცოლად ჰყავდა (1884) თამარ (თალალა) გიორგის ასული ქსნის ერისთავი (დ. 20 ივნისი, 1863 — გ. 1920).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება