დავით მამაცაშვილი

დავით მამაცაშვილი (დ. 1909, დ. აღსტაფა — გ. უცნობია) — ქართველი ინჟინრები. საქართველოს სსრ II-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

მამაცაშვილი დაიბადა რკინიგზელი მემანქანის ოჯახში. 1926 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა. მუშაობდა კავშირგაბმულობის მთავარი კანტორის მონტიორად, თბილისის საორთქლმავლო დეპოს მემანქანედ, საორთქლმავლო დეპოს და ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს ინჟინრად და მთავარ ინჟინრად, ამიერკავკასიის რკინიგზის საორთქლმავლო სამსახურის საორთქლმავლო განყოფილების უფროსად, ხოლო 1937 წლიდან საორთქლმავლო სამსახურის უფროსად. დიდი სამამულო ომის დროს, 1942 წელს, დ. მამაცაშვილი მივლინებულ იქნა პასუხსაგებ სამუშაო უბანზე — №134 სამხედრო-საექსპლოატაციო განყოფილების უფროსად. აქ მან უზრუნველჰყო სამხედრო და სახალხო-სამეურნეო ტვირთების გადაზიდვის დარგში მთავრობისა და სამხედრო სარდლობის დავალებათა წარმატებით შესრულება. 1943 წლიდან დ. მამაცაშვილი კვლავ ამიერკავკასიის რკინიგზის საორთქლმავლო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე იყო. 1945 წლის მაისიდან დაინიშნა სტალინის სახელობის თბილისის ორთქლმავალ-ვაგონსარემონტო ქარხნის უფროსად.

დ. მამაცაშვილმა 1932 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის საგზაო ინჟინერთა ინსტიტუტი და მიიღო საორთქლმავლო მეურნეობის ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობა. დ. მამაცაშვილი 1930-დან 1940 წლამდე საკავშირო ალკკ წევრი იყო, ხოლო 1940 წელს მიღებულ იქნა საკავშირო კ. პ. (ბ) წევრად.

დ. მამაცაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მუშაობაში. 1946 წელს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ქ. თბილისის ლენინის საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო. შემდეგ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნების ქალაქ თბილისის ლენინის No 1 საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. იგი იყო თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტთან არსებული სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე.

რკინიგზის ტრანსპორტის აღმავლობის დარგში წარმატებითი მუშაობისათვის, დიდი სამამულო ომის დროს თავდაცვითი და სახალხო-სამეურნეო ტვირთების გადაზიდვის დარგში მთავრობისა და სამხედრო სარდლობის დავალებათა წარმატებით შესრულებისათვის დ. მამაცაშვილი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორი ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენით, სამი მედლით და „საპატიო რკინიგზელის“ წიშნით.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება