დავით ერისთავი (გენერალი)
დავით ესტატეს ძე ერისთავი (დ. 3 ივლისი, 1842, სოფ. მეჯვრისხევი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, — გ. 29 ივნისი, 1910, სანქტ-პეტერბურგი) — თავადი, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი (1906).
დავით ერისთავი (გენერალი) | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 ივლისი, 1843 |
დაბადების ადგილი | მეჯვრისხევი |
გარდაცვალების თარიღი | 29 ივნისი, 1910 |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
წოდება | General of the Cavalry |
მეთაურობდა | Q4370810? |
ჯილდოები | წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი, თეთრი არწივის ორდენი, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, ოქროს ხმალი მამაცობისათვის და წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი |
დავით ერისთავი დაიბადა სოფელ მეჯვრისხევში პრაპორშჩიკ ესტატე (ევსტაფი) მირმანოზის ძე ერისთავისა და ეკატერინე ლუარსაბის ასულ სუმბათაშვილის ოჯახში. დაამთავრა ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი პეტერბურგში. მსახურობდა კიევის ჰუსართა (1862) და მისი უდიდებულესობის ლაიბგვარდიის ჰუსართა (1864) პოლკებში. 1875 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება და მიავლინეს თურქესტანში, სადაც მონაწილეობა მიიღო კოკანდის სახანოს წინააღმდეგ კამპანიაში. 1876 წლიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქში, მეთაურობდა ყუბანის კაზაკთა ჯარის პოლტავის 1-ლ ცხენოსანთა პოლკს და მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომში.
1879-1881 წლებში პოლკოვნიკი ერისთავი იბრძოდა თურქმენების წინააღმდეგ იმიერკასპიის ოლქში, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გეოქ-თეფეს ალყისას. 1886 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება და დაინიშნა მე-6 საკავალერიო დივიზიის II ბრიგადის, 1891 წელს — მე-13 საკავალერიო დივიზიის II ბრიგადის მეთაურად. 1895 წლიდან სარდლობდა მე-5 საკავალერიო დივიზიას. 1896 წელს მიანიჭეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1901 წელს გადადგა და ალექსანდრეს დაჭრილებზე მზრუნველობის კომიტეტის წევრად დაინიშნა. 1906 მიიღო კავალერიის გენერლის ჩინი. ცხოვრობდა პეტერბურგში. გარდაიცვალა იქვე 1910 წელს. დაკრძალულია ნოვოდევიჩის მონასტრის ტერიტორიაზე. ერისთავის მეუღლე იყო სალომე აგაფონის ასული აკიმოვა (დ. 1847 — გ. 1920), კავალერიის გენერალ ნიკოლოზ აკიმოვის და. წყვილს ოთხი ქალიშვილი ჰყავდა: ეკატერინე, ნინა, ბარბარე და სუსანა.
დავით ერისთავი დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II (1876) და I (1890) ხარისხის, წმ. ანას II (მახვილებით, 1877) და I (1894) ხარისხის, წმ. ვლადიმერის IV (მახვილებით, 1878), III (მახვილებით, 1878) და II (1901) ხარისხის, წმ. გიორგის IV ხარისხის (1881), თეთრი არწივის (1904) და წმ. ალექსანდრე ნეველის (1909) ორდენებით, ოქროს დაშნით წარწერით „სიმამაცისათვის“ (1878).
ლიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 57.
- Князья Эриставы (Эристави-Ксанские) // Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — С. 270—272.
- Гогитидзе М. Грузинский генералитет (1699—1921). — К., 2001. — С. 173. — ISBN 966-02-2254-8.
- Волков С. В. Генералитет Российской империи. Энциклопедический словарь генералов и адмиралов от Петра I до Николая II. Том II. Л—Я. — М., 2009. — С. 801. — ISBN 978-5-9524-4167-5.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დავით ერისთავი (გენერალი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით ესტატეს ძე ერისთავი — ქართველები უცხოეთში.