დავით ბაქრაძე (სეველი)

დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, ფსევდონიმი — სეველი, (დ. 1838, სოფ. სევა, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, — გ. 1911) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი.

დაიბადა სეველი მღვდლის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1862, საკანდიდატო დისერტაცია — „როგორ გაჩნდა და დამყარდა საქართველოში თავადაზნაურობა“). 1864 წელს დაბრუნდა საქართველოში და შეყვანილი იქნა ბატონყმობის გაუქმების კომისიაში. შეხედულებებით ახლოს იდგა ხალხოსნურ-ლიბერალურ ინტელიგენციასთან. ბაქრაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (ქშწკგს) დამფუძნებელი წევრი (1879). აქტიური მონაწილეობა მიიღო ქუთაისში ყოველკვირეული ქართული გაზეთის „შრომის“ დაარსებაში (1881), ქუთაისის სამეურნეო სასწავლებლის ჩამოყალიბებაში (1893). არჩეული იყო ქშწკგს-ის ქუთაისის და სენაკის მაზრების სათავადაზნაურო სკოლების სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარედ. 1894 წლიდან იყო საპატიო მომრიგებელი მსაჯული, ჰქონდა „ტიტულოვანი მრჩევლის“ ჩინი. შეადგინა მიწის გამიჯვნისა და სამოქალაქო კანონების პროექტი, აქტიურად მონაწილეობდა ჭიათურის მანგანუმის მოპოვება-დამუშავების და რეალიზაციის საქმეში. „სეველის“ ფსევდონიმით ხშირად აქვეყნებდა წერილებსა და კორესპონდენციებს აქტუალურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თემებზე იმდროინდელ პრესაში („დროება“, „შრომა“, «Русъ», „კვალი“, „მწყემსი“).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე (სეველი) / გოგუაძე, ა. // ქუთაისი: ალ წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, 1957. – გვ. 302-309.
  • კალანდაძე, ა. ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 4. – თბ., 1986. – გვ. 566.
  • ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედია: ( 1837-1907 ) : სიტყვანი. - თბ., 2010. - გვ. 130.