დავითის უდაბნო
დავითის უდაბნო, ქოროღლის ეკლესია-გამოქვაბული — არქიტექტურული კომპლექსი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, მდინარე სარფდერის (მაშავერას მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ამ უკანასკნელსა და მდინარე ჩათახის შესართავიდან 500 მეტრში (41°18′01″ ჩ. გ. 44°03′01″ ა. გ. / 41.3003167° ჩ. გ. 44.0504806° ა. გ.).
სახელწოდება
რედაქტირებავახუშტი ბატონიშვილი დმანისის ხევის მიმოხილვისას, იქ არსებული სამონასტრო კომპლექსის აშენებას დავით გარეჯელს მიაწერს: „აქა არს [კეჩუთის მთაში] უდაბნო კლდისა გამოკვეთილი, ეკლესია სენაკნი წმინდის დავით გარეჯელისაგან ქმნულნი და აწ ცარიელი“. ტოპონიმი „დავითის უდაბნო“ მონიშნულია აგრეთვე ვახუშტის მიერ შედგენილ რუკაზეც.
აღნიშნულ კომპლექსს, ადგილობრივი თურქულენოვანი მოსახლეობა „ქოროღლის“ სახელით იცნობს.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაკომპლექსი ღრმა კანიონის ქარაფოვან კალთაზე, მდინარის კალაპოტიდან 10-15 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ძირითადი ნაწილია კირქვოვან მასივებში წარმოქმნილი ბუნებრივი ტექტონიკური მღვიმეები, რომლებიც რამდენადმე ცვალებად ჰორიზონტალზე, 200-300 მ-ზე გაუყვება ხეობას. ზოგიერთ მღვიმეში შეინიშნება მათი საცხოვრებლად მოწყობის კვალი, რაც ოდნავ გაფართოებასა და იატაკის მოსწორებაში გამოიხატება.
კომპლექსში მხოლოდ ერთგან გვხვდება მღვიმე, რომელიც დამხმარე ქვითკირის ნაგებობის გამოყენებით მოწყობილია ციხე-ქვაბად, ანუ საფორტიფიკაციო გამოქვაბულად ციხე-სიმაგრის ელემენტებით. ეს ციხე-ქვაბი მოზრდილ მღვიმეს წარმოადგენს, რომელშიც სხვადასხვა სიმაღლეზე 3 ხელოვნური ტერასაა შექმნილი. თითოეულ მათგანზე მოხვედრა ვიწრო, ციცაბო ნახევარგვირაბით შეიძლება. ამ ასასვლელზე, ბოლოში ნახევარწრიული გეგმის ქვითკირის კედელია დაშენებული ისე, რომ ტერასებზე გასვლა მხოლოდ ამ კედლით შემოზღუდული სივრცის გავლითაა შესაძლებელი. ამგვარად, შექმნილია თავისებური „შემობრუნებული კოშკი“, რომლის „გამოსასვლელი კარი“ გარედან იკეტებოდა ურდულით. ტერასებს შორის ქვის ფილებია გადებული, რომლებიც მათ აკავშირებდა და ამავე დროს საბრძოლო ბაქანის მოვალეობასაც შეასრულებდა თავდაცვის დროს.
მღვიმეთა უმრავლესობა ხელოვნურად გაფართოებულ ბუნებრივ ტერასულ გასასვლელზე გამოდის. გასასვლელის ერთ, შედარებით განიერ ადგილზე აგებულია ეკლესია, რომელიც ერთადერთი ქვითკირის დამოუკიდებელი ნაგებობაა ამ კომპლექსში.
ეკლესია (ზომები 6.5 × 3.5 მ) ერთნავიან ნაგებობას წარმოადგენს. ის ძლიერაა დაზიანებული და კედლები 2-3 მეტრ სიმაღლემდეა შემორჩენილი. ნაგებია ფლეთილი, საშუალო ზომის ქვით, ხოლო გარედან და შიგნიდან რუხი ფერის თლილი ქვის მოზრდილი ფილებითაა მოპირკეთებული, არცთუ თანაბარ რიგებად.
ეკლესიაში ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. დარბაზის სივრცე პილასტრებით არ არის დანაწევრებული და აღმოსავლეთით მართკუთხა გეგმაში ჩაწერილი, ოდნავ ნალისებრი აფსიდა გააჩნია. ეკლესია საკურთხეველსა და დასავლეთის კედელში დატანებული თითო სარკმლით ნათდებოდა. საკურთხეველში სარკმლის მარჯვნივ მართკუთხა სასანთლე ნიშაა დატანებული. დასავლეთის კედელთან თაღურ კამარას კრონშტეინებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი შემოუყვებოდა. ნაგებობას თლილი ქვის ორსაფეხუროვანი ცოკოლი გააჩნია. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები ცენტრისაკენ საკმაოდ დახრილად აუგიათ შენობის მდგრადობის გასაძლიერებლად.
ეკლესიას დასათარიღებლად რაიმე წარწერა ან ორნამენტი არ გააჩნია, მაგრამ ზოგიერთი ელემენტზე დაყრდნობით: ორსაფეხუროვანი ცოკოლი, შიგნიდან და გარედან თლილი ფილების მოპირკეთება, გეგმიური და სავარაუდო სივრცული პროპორციები, მისი IX-X საუკუნეებით დათარიღების საშუალებას იძლევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბახტაძე ნ., „ქვემო ქართლის კლდის ძეგლები“, წ. I, თბ., 1991, გვ. 101-108
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17961