გურია-ოსმალეთის შეთანხმება
გურია-ოსმალეთის შეთანხმება — გურიის სამთავროსა და ოსმალეთს შორის დადებული ხელშეკრულება. შეთანხმება დაიდო 1614 წლის 13 დეკემბერს ბათუმში.
ირან-ოსმალეთის საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებით ისარგებლა გურიის მთავარმა მამია II გურიელმა და 1609 წელს ოსმალები აჭარიდან განდევდა. გურიის სამთავრო ოსმალეთთან საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ამ ომში გურიის მოკავშირედ ოდიშის სამთავრო გამოდიოდა. 1612 წელს ირანთან ზავის დადების შემდეგ ოსმალეთმა დასავლეთ საქართველოს სანაპიროს ბლოკადა მოაწყო და ამ მხარეში მარილისა და სხვა პროდუქტების ზღვიდან შეტანა შეწყვიტა, ამან გურიის და ოდიშის მთავრები აიძულა ოსმალეთთან შერიგებაზე ეზრუნათ. 1614 წლის აგვისტოს დაიწყო მოლაპარაკება ოსმალეთის ელჩ ომარ-ფაშასა და გურიელს შორის. 13 დეკემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულებით აღდგენილ იქნა ოსმალეთ-გურიის ომამდელი საზღვარი მდინარე ჭოროხზე, აჭარა კვლავ ოსმალეთმა დაიბრუნა და გურიელმა სულთნის სასარგებლოდ ყოველწლიური ხარკი იკისრა. 1615 წლის თებერვალში ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ოდიშის მთავარმაც. ორივე სამთავრო დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა საშინაო საქმეებში. გურიისა და ოსმალეთის შეთანხმებაში მონაწილეობდნენ კათოლიკე მისიონერები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხატარაიშვილი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 216-217.
- თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფილისი, 1902.
- სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს., თბ., 1971;