გურამ ვარშალომიძე
გურამ ჰუსეინის ძე ვარშალომიძე (დ. 5 მაისი, 1939, დ. ხელვაჩაური, — გ. 16 ოქტომბერი, 2020) — ქართველი სამთო ინჟინერი, პოლიტიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (1999).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი (1964). 1964–1970 წლებში მუშაობდა ტრესტ „საქნავთობის”, აზერბაიჯანის „ყარადაღნავთობის” და „აფშერონ ნავთობის” საწარმოებში; საქართველოს სამთო მექანიკის, საბადოთა დამუშავებისა და აფეთქების ფიზიკის ინსტიტუტში; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.
1991–1993 წლებში ვარშალომიძე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 2005–2006 წლებში — „საქნავთობის” გენერალური დირექტორი. 2006 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, იყო „ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების, ბურღვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების” კათედრის გამგე. 2007 წლიდან მუშაობდა ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელად და შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” მრჩეველ-ექსპერტად.
ვარშალომიძის სამეცნიერო გამოკვლევები ეძღვნება ენერგო და რესურსდამზოგი ეკოლოგიურად სუფთა თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის ტექნოლოგიას, ანტირადიაციული მასალის მიღების ახალ ტექნოლოგიებს. არის საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი (2010). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი (1999). გურამ ვარშალომიძის შვილია პოლიტიკოსი ლევან ვარშალომიძე.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მაგისტრალური ნავთობსადენები, გაზსადენები და მიწისქვეშა გაზსაცავების დაპროექტება, მშენებლობა და ექსპლუატაცია, თბ., 2009 (თანაავტ. ი. გოგუაძე).
- Проблемы механики бурения нефтяных и газовых скважин, Батуми, 2003.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვარშალომიძე, გურამ // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 183.