გულისაბა (ლათ. Mirabilis jalapa) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე გულისაბასებრთა ოჯახისა. აქვს სწორმდგომი, 90 სმ-მდე სიმაღლის ღერო, კიდემთლიანი კვერცხისებრი ფოთლები, მტევნისებრ ყვავილებად შეკრებილი თეთრი, ყვითელი ან წითელი ყვავილები, რომლებიც ღამით იშლება, დილით კი იხურება (ღრუბლიან ამინდში გაშლილია დღისითაც), ხშირად ერთ ყვავილედში სამი ფერის ყვავილია. აქვს თითისტარისებრი მსხვილი ხორცოვანი ფესვები. ყვავილობს ივნისიდან ნოემბრამდე. მრავლდება თესლით. დეკორატიულ მებაღეობაში ცნობილია დაბალტანიანი, ჯუჯა, ჭრელფოთოლა ფორმებიც.

გულისაბა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  მიხაკისნაირნი
ოჯახი:  გულისაბასებრნი
გვარი:  მირაბილისი
სახეობა:  გულისაბა
ლათინური სახელი
Mirabilis jalapa L.

იზრდება ამერიკის ტროპიკებში, სამშობლოა პერუ, მექსიკა, ჩილე. ფართოდ გავრცელებული დეკორატიული მცენარეა. კულტივირებულია საქართველოშიც. კარგად ვითარდება აღმოსავლეთ საქართველოში. იძლევა თვითნათესარსაც (თბილისის ბოტანიკური ბაღი). ერთწლიანი კულტურაა.

ლიტერატურა

რედაქტირება