გულთვათის ციხე — ციხე თურქეთში მდინარე ჰემშილდერესა და მისი მარჯვენა შენაკადის მელესკურის წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთ ყველაზე შემაღლებულ ბორცვზე. ქალაქ ფაზარიდან ამ მდინარეთა ხერთვისამდე 7,5 კმ-ია. შემდეგ უნდა შეუხვიო მელესკურის ხეობაში, გაჰყვე მდინარის მარცხენა მხარის სოფლებს: ლამგოს, გულთვათს და მიადგები უშუალოდ ციხისათვის განკუთვნილი ბორცვის შუა წელს, საიდანაც ადგილობრივ ხელისუფლებას გაუყვანია სამანქანე გზა უშუალოდ ძეგლამდე. ციხემდე ხერთვისიდან 4,5 კმ-ია, ხოლო მთლიანი მანძილი ფაზარიდან ციხემდე, თითქმის 13 კმ-დეა.

ციხე ჭანეთის მთის წინა ზოლის ერთ-ერთ შემაღლებულ, გამოკვეთილად გამორჩეულ კონუსისებური ფორმის ბორცვზეა დაშენებული. იგი ორივე მდინარისაგან საკმაოდაა დაცილებული. სამაგიეროდ, თავისი ხელსაყრელი ადგილმდებაროებით შესანიშნავად აკონტროლებს ორივე ხეობის მთელ სივრცეს ზღვისპირეთიდან მოკიდებული ალპურზონამდე. აქედან შესანიშნავად მოჩანს მთლიანად ხეობა ოთხივე მხრივ, რაც იშვიათი შემთხვევაა.

ციხე ზედ ბორცვის წვერზეა დაშენებული. ციხის ტერიტორია საკმაოდ მიუვალია. ბორცვის მკვეთრად დახრილი დასავლეთი ფერდობები მდინარე ჰემშილდერემდე ეშვება, აღმოსავლეთის მდინარე მელესკურის ხეობამდე, ჩრდილოეთის კი სოფელ გულთვათამდე. რაც შეეხება სამხრეთის მხარეს, იგი ბორცვის დასაწყისამდე ვრცელდება. სწორედ ამ მხრიდან ჰქონდა ციხეს შედარებით დაუცველი ტერიტორია. ეს გაუთვალისწინებიათ თავის დროზეც ციხის მშენებლებს და გალავნის კედელი საგულდაგულოდ გაუმაგრებიათ.

საკუთრივ ციხის გეგმას, ბორცვის კონფიგურაცია განსაზღვრავს. იგი მთლიანობაში ოვალური ფორმისაა. გალავნის კედლები საკმაოდ კარგადაა შემონახული. ისინი კუთხეებში რელიეფის შესაბამისად რამდენადმე მომრგვალებულია. მათ ზოგან ემჩნევა შეკეთებისა თუ მოგვიანო პერიოდში აღდგენის კვალი. შედარებით ცუდადაა შემონახული ციხის აღმოსავლეთი გალავნის კედლის ჩრდილოეთი მონაკვეთი. კედლების სისქე სხვადასხვა ნაწილში განსხვავებულია და 1,2 მ-დან 1,8 მ-მდე მერყეობს. მათი შემორჩენილი ნაწილის მაქსიმალური სიმაღლე 6-7 მ-ია.

შიდა სივრცის სიგრძე 27 მ-ია, სიგანე კი—22 მ. ციხეს კარიბჭე ჩრდილო აღმოსავლეთის მხრიდან ჰქონია. აქ კედლები ფართეცაა და საკმაოდ კარგად შემონახული. კარიბჭეს იცავს გალავნის კედლებში დატანილი ორი კოშკი. შედარებით კარგადაა შემონახული შემოსასვლელიდან მარჯვენა მხარეს არსებული ნახევარწრიული მოყვანილობის კოშკი. კარიბჭის მონაკვეთისაგან სამხრეთით 5,5 მ-ის დაცილებით გალავნის კედელში, ასევე ჩაშენებულია მეორე კოშკიც. მისი ძირითადი ფუნქცია გალავნის აღმოსავლეთი კედლის დაცვის გარდა, უნდა ყოფილიყო ცენტრალური კარიბჭის მეთვალყურეობაც.

ციხეს ჰქონდა მესამე კოშკიც. იგი ჩართულია სამხრეთი კედლის ცენტრალურ მონაკვეთში. კოშკის ძირითადი ფუნქცია უნდა ყოფილიყო შედარებით სუსტად დაცული სამხრეთი გალავნის კედლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ციხის წყობა შერეული ხასიათისაა. გალავნის კედლის წყობაში ქვის რამდენიმე ჯიშია გამოყენებული. ქვიშაქვის ცალკეული კვადრები მათი დამუშავებისა და იარაღის კვალის საფუძველზე, შესაძლოა გვიან ელინისტურს ან რომაულს მივაკუთნოთ.

ციხე ნაგებია შემდეგი სისტემით: მკაცრად დაცულია ყოველი სამშენებლო ეტაპის ჰორიზონტალური დონე, რაც შეინიშნება როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. ჩანს, ციხეს რამდენიმე გადაკეთების პერიოდი განუცდია.

ციხის ტერიტორიაზე მიყვანილი გზის ჭრილსა თუ შემოგარენში ზედაპირული დათვალიერებისას დაფიქსირდა როგორც ადრეული ეპოქის, ისე შედარებით მოგვიანო, ციხის თანადროული არქეოლოგიური მასალა. მათგან განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ოფსიდიანის ნატეხები, ასევე ადრეული პერიოდის საოჯახო შინსახმარი კერამიკის და ადრებიზანტიური ეპოქის სოლენის ტიპის თუ ღარიანი კრამიტის ნატეხები, ასევე დოქის, ჯამების თუ სხვა სახის კერამიკის ფრაგმენტები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 31-34 ISBN 978-9941-0-6458-6.