გულგულის წმინდა გიორგის ეკლესია
გულგულის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ გულგულის ჩრდილოეთით, 3-4 კილომეტრზე, მდინარე ალაზნის მარჯვენა ტყიან ნაპირას, ფლატის პირას. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (5,6x4,6 მ), ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა, რომელშიც ალაგ-ალაგ აგურის ჰორიზონტალური შრეებია ჩართული. შიგნით კედლების ზედა ნაწილი, კამარა, კონქი, სარკმელების გადახურვა და იატაკი მთლიანად აგურისაა.
ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეში იყო ჩასმული. გარედან კარი გადახურული იყო აგურით ნაწყობი თაღით (შემორჩენილი იყო ორივე ქუსლის წყობა), შიგნიდან კი, ხის ძელით.
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც გაჭრილია განიერი, დაბალი სარკმელი. იგი შიგნიდან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, გარედან კი სწორკუთხაა.მსგავსი თითო სარკმელი ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშიცაა.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, შემორჩენილი იყო აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი, საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვრის ქვედა ნახევარი. მსგავსი ჯვარი იყო გამოსახულიდასავლეთ ფასადზეც, რომლის აქეტ-იქით განლაგებული იყო თითო რომბი. მათ შორის სამხრეთით მდებარე - მთლიანად იყო შემორჩენილი, ჩრდილოეთოთ მდებარე კი ნაწილობრივ. შესასვლელის ორივე მხარეს, მიწიდან დაახლოებით 1 მეტრის სიმაღეზე, თითო მცირე, თაღოვანი ნიშაა. ეკლესია გადახურული იყო ღარისებრი კრამიტით.
XXI საუკუნის პირველი ათწლეულის მეორე ნახევარში სოფლის მოსახლეობამ ეკლესია თვითნებურად გაარემონტა. დასავლედ ფრონტონი აღადგინეს ისე, რომ ჯვრისა და რომბების შემორჩენილი ნაშთები მოშალეს და მათ ნაცლად, კარის ზემოთ, აგურის წყობის შეღრმავებით, ახალი ჯვარი გამოსახეს. აღმოსავლეთ ფასადზე კი, ჯვრის შემორჩენილი ნაწილი ხელუხლებლად დატოვეს. აამაღლეს შესასვლელი და იგი თარაზულად გადახურეს.შიგნით ეკლესია გადახურეს რკინა-ბეტონუს კამარით, ხოლო გარედან - თუნუქით.
ეკლესიიდან დასავლეთით, ორასიოდე მეტრზე მომცრო ნაგებობის კედლების ნაშთებია, ესაა აღმოსავლეთ დასავლეთ მიმარტულებით წაგრძელებული, შეისრულ კამაროვანი ნაგებობა, რომლის ერთ-ერთ კედელში ტიხის მილია ჩატანებული. ნაგებობა სამხრეთიდან შედარებით მოკლე, გაურკვევეილი დანიშნულების ნაწილი ეკვროდა, რომელიც ქვა-ღორღითაა დაფარული. ამის გამო მისი გეგმის დადგენა არ ხერხდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 177-178.