გულბაათ ჭავჭავაძე
გულბაათ (პანტელეიმონ) ივანეს ძე ჭავჭავაძე (დ. 1796, წინანდალი — გ. 2 აგვისტო, 1863, იქვე) — ქართველი თავადი. იგი ცნობილია როგორც ლეგენდარული ქართველი თამადა და მსმელი. გადმოცემის თანახმად, გულბაათ ჭავჭავაძეს ერთ ქეიფში 25 ლიტრი ღვინის დალევა შეეძლო. იგი სმას 3 ლიტრიანი თიხის დოქით იწყებდა („მოთელვის“ მიზნით) და არ ყოფილა შემთხვევა, რომ მას სუფრა მაგიდის რომელიმე თანამეინახეზე ადრე დაეტოვებინოს. დაიბადა წინანდალში. მამა — იოანე (ნინია) ზურაბის ძე ჭავჭავაძე, დედა — ანა. 16 წლის ასაკში დაობლდა. ჰყავდა ორი ძმა იასონი და სპირიდონი. გულბაათ ჭავჭავაძის შვილიშვილი იყო თავადი, ქართველი სამხედრო მოღვაწე, ალექსანდრე ჭავჭავაძე. 1822 წელს გულბაათ ჭავჭავაძე დაქორწინდა ანა იოსების ასულ ქობულაშვილზე (1809–1840), ხოლო 1840 წელს თამარ ედიშერის ასულ ჩოლოყაშვილზე (1812–1848). პირველი ქორწინებიდან წყვილს შეეძინა 4 შვილი: ზაქარია, ანასტასია, დარეჯანი (დარია) და ანა, ხოლო მეორე ქორწინებიდან აგრეთვე 4 შვილი: არჩილი, ეკატერინე (მალუცა), მარიამი და ნიკოლოზი. გულბაათ ჭავჭავაძემ მთელი ცხოვრება წინანდალში გაატარა. XIX საუკუნის საქართველოში გულბაათ ჭავჭავაძე აღიარებული იყო უპირველეს თამადად. მთელი თავისი ცხოვრება ადგილ-მამულების დამუშავებით იყო დაკავებული. მიღებული შემოსავლით მან კარგი განათლება მისცა თავის უმცროს ძმებს და შვილებს. მიღებული განათლებით მისი ოჯახიდან 7 გენერალი გამოვიდა. მის შესახებ წერდნენ საქართველოში ჩამოსული მიხეილ ლერმონტოვი, ალექსანდრე დიუმა. იმდროინდელი რუსული პრესაც წერდა მის შესახებ. ლერმონტოვი მის შესახებ წერდა თავის მეგობარს, რავენსკის:
„მე საქართველოში ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი, მათ შორის გამოვყოფ იასონ, სპირიდონ ჭავჭავაძეებს და მათ უფროს ძმას სტუმარ-მასპინძლობით ცნობილ გულბაათს“
|
ალექსანდრე დიუმა კავკასიაში მოგზაურობის დროს შეხვდა მას, რაც აღნიშნა კიდევაც თავის წიგნში „კავკასია“.
რუსეთის მეფის მემკვიდრემ ალექსანდრემ საქართველოში სტუმრობის დროს ის პეტერბურგში მიიწვია. მეფედ კურთხევის მერე ალექსანდრე II-ს გულბაათი პეტერბურგში ესტუმრა. ალექსანდრე II-მ დიდი პატივით მიიღო გულბაათი და კარგად უმასპინძლა. ცნობილმა ქართველმა პოეტმა ლადო ასათიანმა 1942 წელს გამოაქვეყნა ლექსი „გულბაათ ჭავჭავაძე“, რომელიც მიუძღვნა ლეგენდარულ ქართველ მსმელსა და თამადას, გულბაათ ჭავჭავაძეს. გულბაათ ჭავჭავაძე დაკრძალულია წინანდალში ჭავჭავაძეების საგვარეულო სასაფლაოზე. საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებში კომუნისტებმა სასაფლაო გაძარცვეს და გაანადგურეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგი ბოგველიშვილი, წინანდლის ცის ქვეშ, 1997;
- ბელა გონჯილაშვილი, ჭავჭავაძეთა ნაფუძარზე, 1999;
- იური ჩიქოვანი, ქართული წარჩინებული გვარები თავადი ჭავჭავაძეები, არტანუჯი, თბილისი, 2002;
- სოსო მეგუთნიშვილი, წინანდალი და წინანდლელები, 2005.