გუდანის მეორე საცხოვრებელი სახლი
გუდანის მეორე საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდანში. სახლი ეკუთვნის მინდია ჭინჭარაულს, თარიღდება XIX საუკუნის მიწურულით. ნაგებობა ტერასულ-ბანურია. აგებულია ნატეხი ქვის მშრალი წყობით. ტიხრები წნულისგანაა დამზადებული. საფასადე კედლების ნაწილი და ტიხრები შელესილია ნაკელნარევი მიწით. აღმოსავლეთით და დასავლეთით აქვს თითო მინაშენი.
სახლი არის ორსართულიანი. სართულშუა გადახურვა და სახურავი გამართულია ხის კოჭებზე, რომლებიც ხის სვეტებსა და ქვის სწორკუთხა ბოძს ეყრდნობა. შესასვლელი არის სამხრეთის დახურული დერეფნიდან. დერეფანი ორადაა გაყოფილი. მის ერთ მხარეს ცხენების სადგომია, მეორე მხარეს კი ხარების. დახურული დერეფნის წინ ხისსვეტებიანი და ფილაქნის იატაკიანი ღია დერეფანია. დახურული დერეფნის კარის გასწვრივ გაჭრილია საცხოვრებელში შესასვლელი. თითო კარია შინას აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებშიც. კარი ხის ჩარჩოშია ჩასმული. შინას მარჯვენა ნაწილში საძროხეა, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში - სახბორე, ხოლო სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში საცხოვრებელია. საცხოვრებლის ცენტრალურ ნაწილში ფიქლის ფილებით ნაწყობი კერაა. ქარაპანის, შიდა ეზოს და საძროხის იატაკი ფილაქნისაა. საცხოვრებელს მიწური იატაკი აქვს.
მეორე სართულის წინ პირველი სართულის ბანია. ჭერხო მამაკაცთა საძინებელი იყო, იყენებდნენ საოჯახო ინვენტარის შესანახადაც. მოგვიანებით მის სამხრეთ ნაწილში წნული ტიხრებით მოუწყვიათ პატარა ოთახი, რომელიც ბანზეა გადასული და სამხრეთ კედელში ორი სარკმელი აქვს. ჭერხოს ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან გარედან პატარა ფარდულია მიშენებული. შინა და ჭერხო ერთმანეთთან დაკავშირებულია საძრომი ხვრელით. ადიოდნენ მისადგმელი კიბით. ჭერხოს ბანზე კალო და სამი მხრისან კედლებით შემოსაზღვრული ფარდულია, სადაც ინახებოდა საქონლის საკვების მარაგი და სამეურნეო იარაღი.
აღმოსავლეთ მინაშენის პირველი სართული სწორკუთხაა, მეორე სართული გაცილებით გრძელი. პირველი სართულის სამხრეთ კედელში შესასვლელი და ერთი პატარა სარკმელია. მეორე სართული გატიხრულია სამ სათავსად, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია კარით. ყველა სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. სამხრეთ კედელში გაჭრილი კარი წინგარდაზე გადის. მინაშენის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს გარედან პატარა ფარდული ეკვრის. დასავლეთ მინაშენი ერთსართულიანიადა ორი ოთახისგან შედგება. სახლის მოსაზღვრე ოთახი გრძელია, მოერე ოთახი შუაზე გადატიხრულია. ორივე ოთახში შესასვლელი სამხრეთიდანაა., ღია დერეფნიდან. მინაშენების ოთახებს იყენებდნენ საცხოვრებლად და სამეურნეო საჭორებისათვის.
სახლის წინ 5 მეტრზე, დგას მთის ფერდობში შეჭრილი პატარა სამეურნეო ნაგებობა, რომელსაც სამხრეთიდან პატარა, კვადრატული შესაძრომი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქალდანი ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 238–239.