გრემის ხის სვეტებიანი სახლი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გრემის ხის სვეტებიანი სახლი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, ნაქალაქარის ჩრდილოეთ განაპირას. მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 0,5 – 0,7 მეტრია. ნაგებობის გეგმა სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია, რომელსაც აღმოსავლეთიდან, მთელს სიგრძეზე ეკვრის შედარებით ვიწრო ნაწილი. იმ ნაწილის ჩრდილოეთ კედელი, ძირითადი კედლის გაგრძელებაა, ხოლო სამხრეთისა ახდენილია და ძირითადი ნაწილის სამხრეთ კედელზე გარედანაა მიდგმული. ძირითადი ნაწილის კედლები ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით, ხოლო ვიწრო ნაწილი ერთიანია და როგორც ჩანს, აივანს წარმოადგენდა. ძირითადი ნაწილის კედლები ერთ დონეზეა ამოყვანილი. მშენებლობისას მათში ჩაუდგამთ ოთხკუთხა სვეტები, რომლებიც მოპირდაპირე კედლებზე ერთიანადაა განლაგებული . სვეტებზე, სავარაუდოდ გადებული იყო, ხის კოჭები, რომლებსაც შენობის გადახურვა ეყრდნობოდა. სახლს აღმოსავლეთიდან აკრავს ვრცელი ეზო რომელიც შემოსაზღვრული ყოფილა რიყის ქვის კედლებით, მათ შორის ერთი, რომელიც მდინარის გასწვრივაა, ორმაგია. კედლებს შორის მოქცეული არე სიგრძეში სამ ნაწილად იყოფა. შუა ნაწილის სიგრძე ეზოს სიგანის ტოლია, ხოლო განაპირა მონაკვეთები მცირეა. მათგან სამხრეთისაში წყალსადენის რთული მექანიზმი იყო მოწყობილი. წყალსადენის მილები აქ განლაგებული იყო ორ დონედ. ქვედა დონეზე განლაგებული მილებით წყალი ქალაქისკენ მიედინებოდა, მეორე დონეზე განლაგებული მილებით კი აღმოსავლეთიდან - დასავლეთისკენ. ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილი იყო მცირე ზომის აუზი, რომელშიც, აუზსა და ორმაგ კედელს შორის აგებული კედლის მეშვეობით, კერამიკული მილებით, წყალი ორმაგი კედლის შუა ნაწილიდან მიდიოდა. მოგვიანებით სახლი დაუნგრევიათ და მის ნანგრევებზე, რვაგვერდა კოშკი დაუდგამთ, რომლის შემორჩენილი კედლები მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები.

ლიტერატურა

რედაქტირება