გრემის ციხე-დარბაზი სამება

გრემის ციხე-დარბაზი სამება — კომპლექსი, არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს სოფელ გრემში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქარის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 1 კილომეტრზე, მთის წვერზე. თარიღდება X-XIII საუკუნეებით.

ციხე-დარბაზი გალავნითაა შემოფარგლული და გეგმით რთული მოხაზულობისაა. შედგება საცხოვრებელი დარბაზის, კარის ეკლესიის, კოშკის და წყალსაცავისგან. მოგვიანებით, XV-XVII საუკუნეებში, ჩრდილო-დასავლეთიდან მიუდგამთ კოშკური საცხოვრებელი სამხრეთ-დასავლეთიდან კი - მცირე ზომის კოშკი. ციხე-დარბაზს, დღევანდელი სახელწოდება „სამება“, მოგვიანებით, მასში მდგარი ეკლესიის სახელობის გამო შეერქვა.

ციხე-დარბაზში შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდანაა, ორ კოშკს შორის. შესასვლელის წინ ხუთსაფეხურიანი კიბეა. შესასვლელით პატარა ეზოში ვხვდებით, რომელთანაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია საცხოვრებელი დარბაზი, ეკლესია და კოშკი. ეზო მეორე კიბით, რომელიც ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან იწყება, მეორე კოშკს უერთდება.

ეკლესია დარბაზულია. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული, შვერილი აფსიდით, რომელიც გალავნის გარეთაა გასული. შენობა ნაგებია მოგრძო ნატეხი ქვით, რომელიც დაწყობილია მეტ-ნაკლებად წესიერ, თარაზულ რიგებად. მოგვიანებით განახლებული ნაწილები აგურისაა, გარედან კედლების ზედა ნაწილები კი, დაუდევრად ნაწყობი, სხვადასხვა ზომის, ნატეხი ქვითაა აღდგენილი.

ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს. კარი შეისრული თაღითაა გადახურული. ინტერიერი განათებულია აფსიდის ღერძზე გაჭრილი შეისრულთაღოვანი სარკმლით, რომლის ქვემოთ, კედელზე, ოთხკუთხა ტრაპეზია მიშენებული. დარბაზის გრძივ კედლებში, ერთმანეთის პირდაპირ, თითო სწორკუთხა ნიშაა. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც.

ეკლესიის დასავლეთით დგას გარედან ნახევარწრიული, შიგნით კი წრიული კოშკი, რომლის უმეტესი ნაწილი გალავნის გარეთაა. შემორჩენილია I სართულის ნაწილი. კარი ეზოს მხარეს მოქცეულ კედელშია - მიწიდან 2,5 მეტრ სიმაღლეზე. შიგნით, კარის წინ საფეხურია. კედლები კარგადაა შელესილი. სავარაუდოდ, აქ წყალსაცავი უნდა ყოფილიყო. კოშკის ზედა სართულები საცხოვრებელი და სათავდაცვო იყო.

მეორე კოშკი შესასვლელის მარჯვნივაა. იქ ასასვლელი კიბე გალავნის კედელშია მოწყობილი. კოშკიდან პირველი სართულის ნაწილიღაა შემორჩენილი. დარბაზი გეგმით ტრაპეციის მსგავსია. მასში შესასვლელი სამხრეთ კედელში, ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან ყოფილა მოწყობილი. დარბაზის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია სამი განიერი, თარაზულად გადახურული სარკმელი. კედლის შუა ნაწილში ნახევარწრიული დიდი ბუხარი, რომლის ზურგი გალავნის გარეთაა მოქცეული. დარბაზის დასავლეთ ნაწილში სქელი კედლით, გამოყოფილია სათავსი, რომელიც შიგნით მკვრივი ხსნარითაა შელესილი. დარბაზი მოგვიანებით გადაუკეთებიათ - გადაუხურავთ აგურის კამარით. სავარაუდოდ, მას მეორე სართულიც ჰქონდა. მოგვიანებით, ციხე-დარბაზისათვის, ფართობის გადიდების მიზნით, ჩრდილოეთ მხრიდან მიუდგამთ გარედან ნახევარწრიული, შიგნით კი რვაგვერდა კოშკური ნაგებობა, შემორჩენილია ერთი სართული, რომლის ჩრდილოეთით მიმართული ხუთი წახნაგიდან სამში თითო სარკმელია გაჭრილი, ორში კი - სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. იატაკში დიდი ზომის ქვევრებია ჩაფლული. აღმოსავლეთ წახნაგში, იატაკის დონეზე, დატანებულია საკანალიზაციო მილი. მეორე ასეთი მილი დარბაზის აღმოსავლეთ კედელშიცაა. ორივე მილი, კედლის წყლისგან დასაცავად, გარეთ, კედლიდანაა გამოშვერილი და მთავრდება სპეციალურად გამოთლილი, ღარიანი ქვით. ნაგებობის აღდგენისას, სართული აგურის გუმბათით გადაუხურავთ. კოშკის ზედა სართულები, სავარაუდოდ, საცხოვრებლად და სათავდაცვოდ იყო განკუთვნილი.

კოშკური ნაგებობა ციხე-დარბაზთან დაკავშირებული იყო ჩრდილოეთ კედელში მოწყობილი მოგრძო დერეფნით. დერეფანში კოშკური ნაგებობიდან, განიერი კარი გამოდის. დერეფნის აღმოსავლეთ ბოლოში კიბეა, რომლითაც დერეფანი კოშკურა ნაგებობის და დარბაზის II სართულებთან იყო დაკავშირებული. დერეფნის მეორე ბოლოში საპირფარეშოა. მის წინ მეორე კიბეა, რომელიც ადის გალავანზე, აქედან კი შესაძლებელი იყო წყალსაცავიანი კოშკის II სართულზე მოხვედრა.

1964 წელს ციხე-დარბაზის ტერიტორია გაწმინდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ხელმძღვანელი, პ. ზაქარია. აღმოჩენილი მასალა XI-XIII საუკუნეებით და XV-XVII საუკუნეებით თარიღდება.

ლიტერატურა

რედაქტირება