გრემის შადრევნიანი პავილიონი

გრემის შადრევნიანი პავილიონი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ გრემში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ეგრეთ წოდებულ მეფე-დიდებულთა უბანში, მდინარე ინწობის ნაპირას.

ნაგებობის გეგმა თითქმის კვადრატულია და ოთხივე მხარეს გახსნილი, შუაში კი, შადრევანია, რომელიც იატაკის დონის ქვემოთაა. პავილიონისაკენ მომდინარე წყლის სათავე ნაგებობა მოშორებით, მდინარე ბოლიის სათავესთან ყოფილა აგებული. სათავე ნაგებობიდან წყალი კერამიკული მილებით მოედინებოდა და ჩადიოდა პავილიონის აღმოსავლეთ გვერდზე მიშენებულ მცირე ზომის, წრიულ აუზში. აქედან კი შადრევნისაკენ მიემართებოდა. წყლის მოძრაობისათვის საჭირო წნევის შესაქმნელად, აუზის ფსკერი შადრევნის ფსკერზე ბევრად უფრო მაღლაა. წყალი აუზიდან შადრევნისკენ ჯერ ჰორიზონტალურად მიედინებოდა, შადრევანთან მიახლოებისას კი, ძირს ეშვებოდა, შემდეგ ისევ ჰორიზონტალურად მიედინებოდა შადრევნის ფსკერისაკენ და მის ცენტრში ამოდიოდა.

პავილიონის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მოწყობილი ყოფილა, პატარა მოგრძო ოთახი, რომლის დანიშნულება არ ირკვევა. ოთახის წინ შემორჩენილია კიბის ორი საფეხური, შესაძლოა, აქედანვე იყო პავილიონში შესასვლელი. პავილიონი დგას ნატეხი ქვით ნაგებ ცოკოლზე. ბურჯების შემორჩენილი ნაწილები და იატაკი კვადრატული აგურისაა.

ნაგებობა, როგორც მიაჩნიათ, რთული აგებულების გუმბათოვანი კამარებით ყოფილა გადახურული. გადახურვა დაყრდნობილი იყო მძლავრ, ოთხკუთხა ბოძებზე, რომელთაგან ძირებიღაა შემორჩენილი, ორ-ორი აღმოსავლეთ და დასავლეთ გვერდებზე, ხოლო ოთხი — შუა ხაზზე.

ლიტერატურა

რედაქტირება