გრემის ღვთისმშობლის ეკლესია
გრემის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი. დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის სამხრეთ განაპირას, მდინარე ინწობის პირას, ეკლესიის კედლები ორ სხვადასხვა პერიოდის ფენას შეიცავს. თავდაპირველი ფენა სავარაუდოდ XVI საუკუნით თარიღდება , მოგვიანდებით განახლებული ნაწილები კი XVIII საუკუნით. აღდგენილია საკურთხევლის გადახურვა. აქა-იქ კედლების ნაწილები და შენობის გარე კუთხეები. აღდგენის დროს ჩრდილოეთ კედელში, სომხური საეკლესიო წესების შესაბამისად მოწყობილია სანათლავი ნიშა.
ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (5,15x4,7მ), უაფსიდო. აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით. შენობა ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი დასავლეთიდანა აქვს. კარი გარედან გადახურულია შეისრული თაღით. შიგნიდან -სწორკუთხაა. დარბაზის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მის ქვემოთ, კედელს მოგვიანებით აგებული აგურის ტრაპეზი ეკვრის.ერთი ბრტყლად გადახურული, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. სარკმლის ღიობი შიგნიდან თითქმის კარის სიგანეა. საკურთხეველი დარბაზისგან არ არის გამოყოფილი, გადახურულია ტლანქად ნაწყობი, შეისრული კამარით. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში მცირე სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი, სანათლავი ნიშას ზემოთ კი, ერთ დონეზე - ორი სათოფური. დარბაზი გადახურულია აგურის წესიერი წყობით გამოყვანილი კამარით, რომლის უმეტესი ნაწილი, კედლებთან ერთად შელესილია. შენობის გარეგნობა მარტივია, ტლანქი, კედლები დასრულებულია ქვიშაქვის ლავგარდნით, რომელიც, როგორც ჩანს, აღმოსავლეთით მდგარ ეკლესიას ეკუთვნოდა. ლავგარდნის პროფილს თარო, ოდნავ შეზნექილი ზედაპირი და ლილვი შეადგენს (შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ქვა). ეკლესიას დასავლეთიდან ეკვრის სწორკუთხა მინაშენი, რომელიც დასავლეთ ფასადის წყობაში ჩასმულ მარმარილოს ფილაზე არსებული წარწერის თანახმად, 1947 წელს აუგია სოფელ შილდის მკვიდრ ქეთევან ლობაურს „ძველი ნაშთის” ადგილას რომელიც 1946 წელს წყალს წაუღია. მინაშენი აგურითაა ნაგები. გადახურულია ხის ნივნივებზე გამართული ორფერდა სახურავით. ეკლესიის შორიახლოს (აღმოსაცლეთით) მდგარა აგურით ნაგები ეკლესია, რომლის კედლების ნანგრევები მდინარე ინწობის კალაპოტშია ჩაცვენილი. მათგან ზოგიერთს ქვიშაქვის ლავგარდნის რამდენიმე ქვა შემორჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 392-393.