გოფერისებრნი[1] (ლათ. Geomyidae) — ძუძუმწოვართა ოჯახი მღრღნელების რიგისა. სხეულის სიგრძე 13–35 სმ, კუდისა — 14 სმ-მდე. მამალი დედალზე დიდია. შეგუებული არიან მიწისქვეშა ცხოვრებას. თვალები და ყურები პატარაა. ძლიერაა განვითარებული საცრემლე ჯირკვლები, რომელთა სეკრეტი წმენდს თვალის რქოვანას. კუდი შიშველი ან თხელი ბეწვით დაფარული, ძლიერ მგრძნობიარე (შესაძლოა შეხების ორგანო იყოს). კიდურები ხუთთითიანი; ბრჭყალები წაგრძელებული, მოღუნული. ტუჩები ძლიერაა მიჯრილი გამოღუნულ საჭრისებზე, რაც პირის ღრუში მიწის მოხვედრისგან იცავს. ლოყებზე ძლიერ განვითარებულია ე.წ. „ტომრები“ ან „ჯიბეები“ (იხსნება გარეთ), რომელიც საჭმლის გადასატანად გამოიყენება. თმის საფარი თივთიკის გარეშეა; შეფერილები არიან შავიდან თითქმის თეთრამდე.[2]

გოფერისებრნი

Geomys attwateri
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ოჯახი:  გოფერისებრნი
ლათინური სახელი
Geomyidae (Bonaparte, 1845)

ცნობილია 2 ქვეოჯახის დაახლ. 6 თანამედროვე გვარი და 40-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ზომიერ და ტროპიკულ ოლქებში. ბინადრობენ სხვადასხვა ლანდშაფტში: უდაბნოდან მთის ტყეების ზედა საზღვრამდე. ცხოვრობენ მარტოულად. თხრიან 140 მ-მდე სიგრძის რთულ სოროებს, რომლებსაც მრავალი გვერდითი ხვრელი და 90 სმ-მდე სიღრმეზე განლაგებული საბუდარი კამერა აქვს. თხრის დროს იყენებენ საჭრისებს და თათებს. ერთნაირად სწრაფად გადაადგილდებიან როგორც თავის, ისე კუდის გამოყენებით. ზამთრის ძილი არ ახასიათებთ. ძირითადად იკვებებიან მცენარეთა მიწისქვეშა ნაწილებით; აკეთებენ მარაგებს. ბუნებრივ ეკოსისტემებში გოფერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნიადაგწარმოქმნაში: წელიწადში ერთი ცხოველი გადააადგილებს 15 კგ-მდე ნიადაგს. ამავდროულად, შეუძლიათ ზიანის მოტანაც: სოროებს თხრიან დამბებში, ჭამენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, აზიანებენ ხეების ფესვებსა და ქერქს.[2]

  1. pocket gopher — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 Щипанов Н. А. Гоферовые // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 556.