გოსტიბეს ნასოფლარი და სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

გოსტიბეს ნასოფლარი და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაკაში. მდინარე გოსტიბესწყლის მარჯვენა ნაპირზე, ნასოფლარზე შეიმჩნევა ნასახლარი ბუდეები, იქვე დგას ოთხკუთხა კოშკი და ეკლესია.

ნასოფლარის ტერიტორიაზე იპოვება უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

სამაროვანი მრავალფენიანია. ზოგადად თარიღდება ძვ. წ. XI და ახ. წ. III საუკუნით. დადასტურდა სამი ქრონოლოგიური ჯგუფის სამარხები: პირველ მიეკუთვნება შემთხვევით აღმოჩენილი ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხი, რომელშიც აღმოჩნდა ბრინჯაოს ხელშუბის პირი, ბრინჯაოს სატევარო და ორი თიხის ჯამი. სამარხი თარიღდრბა ძვ. წ. XI-VII საუკუნეებით. მეორე ჯგუფში ერთადერთი სამარხია (გაითხარა 1948 წელს, ხელმძღვანელი ტ. ჩიბუნაშვილი). სამარხი დამხრობილი იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ინვენტარიდან აღსანიშნავია: გველისთავებიანი ბრინჯაოს სამაჯური, ბრინჯაოს საწვივე რგოლებში, ვერცხლის სასაფეთქლე რგოლი, შავი თიხის ჯამი და დოქი. სამარხი თარიღდება ძვ. წ. VI-V საუკუნეებით. მესამე ქრონოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება 1982 წელს შემთხვევით აღმოჩენილი სამარხი. მასში სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა ვერცხლის ფეხიანი თასი, რომელზეც ხაზებით გამოყვანილია ოთხი თხა, ხოლო წერტილებით — რვა ყურძნის მტევანი, აგრეთვე ბრინჯაოს ჭვირული ბალთა, ბრინჯაოს ზარაკი და მძივები თარიღდება II-III საუკუნეებით.

ლიტერატურა

რედაქტირება