გორშევარდნის ყორღანები

გორშევარდნის ყორღანები — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელიასხევში, სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გორშევარდნის მთაზე. განეკუთვნება ძვ. წ III ათასწლეულის დასასრულს. ძეგლი 1981 წელს გაითხარა ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ივრის ხეობის კომპლექსურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. მირცხულავა).

გათხრილი ორი ყორღანიდან ერთი ქვაყრილიანია, უორმოო, დიამეტრი 14 მეტრია სიმაღლე 1,5 მეტრი. კამერა ხით ნაგები ჩანს, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მას აქვს დრომოსი, 15 სანტიმეტრ სიღრმეზე გაჭრილი დერეფანი, რომელიც კამერასთან 2 მეტრ სიგანისაა, ხოლო გარეთ ვიწროვდება და ქვაყრილის პირთან 0,7 მეტრია. დრომოსს მთელ სიგრძეზე, და კამარის იატაკს ძლიერი ცეცხლის კვალი აჩნდა. კამერაში მიცვალებულთა ორი ჯგუფი აღმოჩნდა: სამხრეთ ნაწილში ორი მიცვალებულის ჩონჩხი თავის ქალის გარეშე, ჩრდილოეთ ნაწილში კი სამი მიცვალებული, დაკრძალული მარცხენა გვერდზე, ხელფეხმოკეცილი. აღმოჩნდა აგრეთვე სამი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი, ყავისფერი შემკულობის გარეშე, ორი ქუსლამოღარული ობსიდიანის ისრისპირი, ერთი ბრინჯაოს ისრისპირი, სარდიონისა და პასტის რამდენიმე მძივი. კამარის მთელ ფართობზე მიმობნეული იყო ცხვრის ძლები.

მეორე ყორღანი მიწაყრილიანია, ზემოდან წვრილი ქვის პერანგით,უორმოო. სამხრეთ მხრიდან დრომოსისებრი დერეფანი ეკვრის. ყველგან ჩანს ძლიერი ცეცხლის კვალი. კამერის ცენტრში აღმოჩნდა ადამიანის ჩონჩხის ძვლები და თიხის ჭურჭლის ნატეხები. მიცვალებული დაკრძალული იყო მარცხენა გვერდზე, ხელფეხმოკეცილი, იქვე იყო ადამიანის ორი თავის ქალა ჩონჩხის გარეშე. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ივრის ხეობის კომპლექსური ექსპედიციის ბაზაში, დაბა სიონში.

ლიტერატურა რედაქტირება