გორის ტროლეიბუსი — გაუქმებული ტროლეიბუსის სისტემა ქ. გორში. ეს იყო უკანასკნელი მოქმედი ტროლეიბუსის სისტემა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე (ერთადერთი ტროლეიბუსის სისტემა, რომელიც საქართველოში შემორჩა სოხუმის ტროლეიბუსია).

ტროლეიბუსი ЗиУ-9 გორში. 2008 წელი

ტროლეიბუსის სისტემა გორში 1972 წლის 30 აპრილს ამოქმედდა. ამავე წელს გაიხსნა მეორე ხაზიც. 1970-იან წლებში გორის ტროლეიბუსის ქსელი სწრაფად იზრდებოდა, 1979 წლისთვის ქალაქში უკვე 3 ტროლეიბუსის ხაზი იყო. ბოლო, მე-4 ხაზი ექსპლუატაციაში შევიდა 1981 წელს. გორში პირველი ტროლეიბუსები 22 ჩეხოსლოვაკიური Škoda 9Tr იყო, რომლებიც ქალაქმა 1972 წელს მიიღო. ეს ტროლეიბუსები იყო ორ და სამკარიანი. 1984 წელს ქალაქმა მიიღო 3 ახალი Škoda 14Tr. 1990 წელს მოძრავი შემადგენლობა შეივსო 2 ტროლეიბუსით ЗиУ-9. ტროლეიბუსის დეპო მდებარეობდა ცხინვალის გზატკეცილზე.

არსებული ხაზები გორის ცენტრს აკავშირებდა გარეუბნებთან და უახლოეს სოფლებთან:

სსრკ-ს დაშლასთან ერთად გორის ტროლეიბუსი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. ჩეხოსლოვაკიურმა Škoda 9Tr-ებმა უკვე ამოწურეს თავისი რესურსი, ახალი ტროლეიბუსების ყიდვისთვის საჭირო სახსრები კი ტროლეიბუსების პარკს არ გააჩნდა. ამიტომ 1990-იან წლებში მოხდა მოძრავი შემადგენლობის მასიურად ჩამოწერა — ტროლეიბუსები დაშალეს რათა მათი ნაწილები გამოეყენებინათ შედარებით ახალი ტროლეიბუსების შესაკეთებლად. გაუქმდა მარშრუტები № 1 და № 3. 2006 წელს თბილისის ტროლეიბუსის გაუქმების შემდეგ თბილისიდან გორში ჩაიტანეს ათენისგან ნაყიდი ტროლეიბუსები ЗиУ-9. 2006 წლისთვის სულ ორ მარშრუტზე მუშაობდა 12 ტროლეიბუსი. 2008 წლის ომის დროს რუსული ავია დაბომბვების გამო დაზიანდა მარშრუტი № 4, რომელიც ომის შემდეგ აღარ აღდგა. 2008-2010 წლებში ქალაქში მოქმედებდა ერთადერთი მარშრუტი № 2 რკინიგზის სადგურიდან სოფელ ტინისხიდამდე. 2009 წელს ტროლეიბუსების პარკი შეივსო რუსთავიდან ჩამოტანილი ტროლეიბუსებით, სადაც ტროლეიბუსი გაუქმდა. გორის ტროლეიბუსი თავისი არსებობის ბოლო წელს მუშაობდა 9-დან 16:30 საათამდე და მგზავრობის ღირებულება 10 თეთრი იყო. 2010 წლის 29 მარტს გორში ტროლეიბუსების მოძრაობა შეწყდა, ხოლო ამავე წლის აპრილში მიღებულ იქნა ტროლეიბუსის გაუქმების გადაწყვეტილება.

გორის ტროლეიბუსი ფილმებში

რედაქტირება

გორის ტროლეიბუსის ხილვა შეიძლება რენი ჰარლინის ფილმში „აგვისტოს 5 დღე“, როცა ფილმის მთავარი გმირები სხედან კაფეში სტალინის გამზირზე და უკანა პლანზე გაივლის ტროლეიბუსი Škoda 9Tr.

საქართველოს ტროლეიბუსის სისტემების სია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • KLEMENT, Radim. Konec trolejbusů v Gruzii. Československý dopravák. 2010, roč. IX., čís. 4, s. 40–44.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება