ცხინვალის ტროლეიბუსი

ცხინვალის ტროლეიბუსი — ყოფილი საქალაქო ტროლეიბუსის სისტემა საქართველოს ქალაქ ცხინვალში. არსებობდა 1982–1990 წლებში. დაიხურა ქართულ-ოსური კონფლიქტის გამო.

ცხინვალში ტროლეიბუსის მოძრაობა გაიხსნა 1982 წლის 25 ივნისს. მოძრავ შემადგენლობაში იყო 6 (1986),[1] შემდეგ 9 ერთეული ЗиУ-9 (იგივე ЗиУ-682).[2] მოქმედებდა 1 მარშრუტი („ტრიკოტაჟის ფაბრიკა — ვაგზალი“). ტროლეიბუსის ხაზი აშენდა სამ რიგად. პირველი რიგი წარიმართა ტექსტილის ფაბრიკიდან რკინიგზის ვაგზლის მოედნისკენ. სისტემას დეპო არ ჰქონდა, მისი აშენება მოგვიანებით იგეგმებოდა; თავდაპირველად ტროლეიბუსების ღამით გასაჩერებლად მოაწყვეს წრე ტექსტილის ფაბრიკის მოედანთან, შემდგომში მათ აჩერებდნენ რკინიგზის ვაგზლის მოედანზე. მე-2 რიგი აშენდა სამხრეთით გმირთა მოედნისკენ და გაიხსნა 1987 წლის ნოემბერში.[2][3] არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც არსებობდა მე-3 რიგიც, რომელიც სავარაუდოდ კიდევ უფრო სამხრეთით, ახალი რაიონისაკენ მიემართებოდა.[3]

ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს 1989–1990 წლებში ქალაქში არსებული უწესრიგობის გამო სატროლეიბუსო მიმოსვლა დაკნინდა და 1990 წლის დეკემბერში საბოლოოდ შეწყდა. ტროლეიბუსები დიდხანს იდგა ვაგზლის მოედანზე, თუმცა მოძრაობა არ აღდგენილა. შემდგომში საკონტაქტო ქსელი და მოძრავი შემადგენლობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გაიძარცვა. შემორჩა მხოლოდ ძარების სადგარები.[2] 1995 წელს იყო აღდგენის გეგმებზე საუბარი.[1] 1999 წელს ვლადიკავკაზიდან ჩამოიტანეს საკონტაქტო ქსელის საყრდენები და სხვა მასალები, თუმცა აღდგენითი სამუშაოები არ დაწყებულა.[2][3]

  1. 1.0 1.1 Цхинвали (троллейбус). ГорЭлектроТранс. transit.parovoz.com. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Цхинвали. Городской электротранспорт. transphoto.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-12. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2020.
  3. 3.0 3.1 3.2 Схема троллейбусных линий. Городской электротранспорт. transphoto.ru (24-04-2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 02-01-2018. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2020.