გორის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან გორის ბრძოლა 1598)

გორის ბრძოლა 1598-1599 წლებში — ქართველთა ლაშქრის ბრძოლა ოსმალეთისაგან გორის გასათავისუფლებლად. ირან-ოსმალეთის 1590 წლის ზავის შედეგად ამიერკავკასიაში ოსმალები გაბატონდნენ. დასავლეთ ქვეყნები შეეცადნენ გაძლიერებული ოსმალეთის წინააღმდეგ კოალიციის შექმნას, რომლის გეგმაში დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი რუსეთს, ირანსა და საქართველოს. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველი პოლიტიკოსები თავის გეგმებს საერთაშორისო სიტუაციას უკავშირებდნენ. დასავლეთ ევროპაში ანტიოსმალური კოალიციის შექმნა ვერ მოხერხდა, მაგრამ შეიქმნა კავშირი ირანსა, ქართლსა და კახეთს შორის. ამ კავშირის საფუძველზე ქართლის მეფე სიმონ I-მა განაახლა ომი ოსმალთა წინააღმდეგ. 1598 წელს ქართველთა ლაშქარმა გარემოიცვა გორის ციხე. ალყა ცხრა თვეს გაგრძელდა. 1599 წელს დიდმარხვის დასაწყისში ქართველებმა ციხეს ალყა მოხსნეს. ოსმალებმა ყურადღება მოადუნეს. მტრის ეს შეცდომა კარგად გამოიყენა სიმონ I-მა. მისი ბრძანებით გორის ყოფილმა მოურავმა სულხან თურმანიძემ და ფარსადან ციციშვილმა თავიანთ მამულებში საიდუმლოდ დაამზადეს ციხის კედლებზე ასასვლელი კიბეები. ქართველთა ლაშქარი ღამით ჩუმად მიადგა ციხეს და გალავანზე გადავიდა. ოსმალებმა გვიან შენიშნეს ქართველთა შეჭრა ციხეში. გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, გათენებისას, მტერმა იარაღი დაყარა. გორის განთავისუფლებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართლის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი ნ., ჯავახიშვილი ივ., ჯანაშია ს., საქართველოს ისტორია, ს. ჯანაშიას რედ., ნაწ. 1, თბ., 1948;
  • გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1965;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973