გომბეშოსებრი ხვლიკი, ფრინოზომა (ლათ. Phrynosoma) — ხვლიკების გვარი იგუანასებრთა ოჯახისა. სხეული დაფარული აქვს მსხვილი ქერცლით, ხოლო თავის ორივე მხარე და კეფა — მსხვილი რქისებრი ქაცვებით. გვარში 15 სახეობაა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობენ უდაბნო და ნახევრად უდაბნო ვაკეებსა და ზეგნებზე. იკვებებიან მწერებითა და ობობებით. მრავლდებიან კვერცხებით. გომბეშოსებრი ხვლიკების ტიპური წარმომადგენელია 11-13 სმ სიგრძის ფრინოზომა (Phrynosoma cornutum). საფრთხის დროს ფრინოზომა ირინდება ან შემაშინებელ პოზას იღებს. ძლიერი აგზნებისას მას თვალებიდან და ცხვირიდან სისხლის წვეთები სცვივა, რისი მიზეზიც თავში სისხლის წნევის მომატებაა.