გო
გო — ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე და აღიარებული, როგორც ყველაზე რთული სამაგიდო თამაში. ამ თამაშში განსხეულებულია ცნობილი გამოთქმა- გენიალობა სიმარტივეშია. მიუხედავად უმარტივესი წესებისა, ვეიცი ანუ გო კაცობრიობის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სისტემაა, სტრატეგიული თამაშია.
წესები
რედაქტირებავეიცის თამაშობს ორი მოთამაშე შავი და თეთრი ქვებით 9-9, 13-13 ან 19-19 დაფაზე. 19-19 დაფა მიჩნეულია თამაშის სტანდარტულ ზომად. ჩვეულებრივ თამაშს იწყებს შავი, ამიტომ თეთრებს ეძლევათ დამატებითი ქულა- ე.წ. კომი, დაახლოებით 6-7 ქულა.
მოთამაშეები თითო ჯერზე თითო ქვას დებენ ხაზების გადაკვეთის წერტილებზე. თამაშისას აკრძალულია უკვე დაკავებულ წერტილზე მეორე ქვის დადება. მოთამაშეს აქვს საკუთარი სვლის გამოტოვების - ანუ პასის უფლება, თუმცა თუ ორივე მოთამაშე გამოტოვებს სვლას თამაში სრულდება, ამიტომ მოთამაშეები თამაშის ბოლომდე არ იყენებენ ხოლმე ამ უფლებას. მოთამაშეებს ასევე შეუძლიათ დროზე ადრე დანებებაც კი.
დღესდღეობით თამაშის საერთაშორისო სახელია გო, რაც მოდის მისი იაპონური სახელწოდების იგოს გამარტივებისაგან. ჩინეთში მას უწოდებენ ვეიცის ( 围棋 ), კორეაში- ბადუკს ( 바둑 ).
ისევე როგორც ჩინური კულტურის სხვა არაერთი ელემენტი, ვეიციც გავრცელდა შორეული აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. V საუკუნეში აღნიშნული თამაში უკვე ფიქსირდება კორეაში, ხოლო VII საუკუნეში კი იაპონიაში ვრცელდება. ვეიცის შემდგომი განვითარება და სტანდარტიზაცია უკავშირდება იაპონიას. მსგავსად ჩინეთისა, გოს თამაში საზოგადოების მაღალი ფენის პრეროგატივა იყო დიდი ხნის განმავლობაში, ხოლო აზიაში გოს ასეთი მასიური გავრცელება მოსახლეობაში უკავშირდება ტოკუგავას რეჟიმის (1603-1868) პირველ შიოგუნს იეიასუ ტოკუგავას (1553-1616). სწორედ, მან შექმნა გოს მინისტრის თანამდებობა ქვეყანაში და ჩამოაყალიბა გოს შემსწავლელი ოთხი სკოლა. ტოკუგავას რეჟიმის დროს იაპონიაში მოხდა გოს სტანდარტიზაცია, ჩამოყალიბდა მოთამაშეთა შეფასებისა და ქულების დათვლის განსაზღვრული სისტემა.
პირველი დასავლელი ადამიანი, რომელმაც დატოვა ცნობები გოს შესახებ, იყო იტალიელი მისიონერი ჩინეთში ჩასული მოგზაური და მეცნიერი მატეო რიჩი (1552-1610). თუმცა, აღნიშნული თამაშის წესების ახსნა და მისი ევროპაში გავრცელების პირველი მცდელობა უკავშირდება თომას ჰაიდს (1636- 1703).
ევროპასა და ამერიკაში გოს პოპულარობა გაიზარდა XX საუკუნის 50-60-იან წლებში, ხოლო გოს საერთაშორისო გავრცელებამ გამოიწვია ჩინეთში მისი კვლავ აღორძინება. 2015 წლის მონაცემებით გოს საერთაშორისო ფედერაციაში 75 ქვეყანაა გაწევრიანებული. ხშირად იმართება მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი ამ თამაშებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გო
- History of Go დაარქივებული 2019-09-05 საიტზე Wayback Machine. .
- Sensei's Library, a major resource about the game of Go.
- Goproblems.com, open database of interactive Go problems.
- The Interactive Way to Go, an interactive tutorial for Go.
- The Way to Go Karl Baker's classic pamphlet on how to play Go.
- computer-go-dataset (1,645,958 SGFs)