გლეხთა ომი ზემო ავსტრიაში
გლეხთა ომი ზემო ავსტრიაში — გლეხთა ერთ-ერთი დიდი გამოსვლა 1626 წელს, ოცდაათწლიანი ომის პერიოდში. გამოწვეული იყო ფეოდალური ექსპლუატაციის გაძლიერებით. ომის უშუალო საბაბი გახდა იმპერატორი ფერდინანდ II-ის მიერ მაქსიმილიან I ბავარიელისთვის ზემო ავსტრიის გადაცემა 1620 წელს. ზემო ავსტრიელ გლეხობას მძიმე ტვირთად დააწვა ბავარიის მთავრობის მიერ დაწესებული გადასახადები და ბავარიის ჯარის შენახვა. ამას დაერთო კონტრრეფორმაციის ძალდატანებით გატარება.
აჯანყების მთავარ ძალას გლეხები წარმოადგენდნენ, თუმცა მოქალაქენი და პროტესტანტი თავადაზნაურებიც იღებდნენ მასში მონაწილეობას. მაისის დამლევიდან ივლისის დამდეგამდე აჯანყებულებმა შეადგინეს დიდი, კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული ჯარი შტეფან ფადინგერის მეთაურობით და დაიკავეს თითქმის მთელი ზემო ავსტრია. გლეხები იკავებდნენ ციხეებსა და მონასტრებს, ანადგურებდნენ ფეოდალურ დოკუმენტებს, მიჰქონდათ მებატონეთა ქონება და იარაღი, კათოლიკური სამღვდელოება, კათოლიკე თავადაზნაურების მნიშვნელოვანი ნაწილი და ბავარიელი მოხელენი გაიქცნენ ზემო ავსტრიიდან, მაგრამ ქალაქ ლინცის გარემოცვის დროს ფადინგერი სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი სიკვდილის შემდეგ ფერდინანდ II ისარგებლა აჯანყებულთა რიგებში შექმნილი უთანხმოებით და დაიწყო მათთან მოლაპარაკება, ამავე დროს მან მოასწრო ზემო ავსტრიაში ჯარის შეყვანა. 1626 წლის დეკემბერში აჯანყება ჩააქრეს კათოლიკური ლიგისა და ვალენშტაინის ჯარებმა. განსაკუთრებით მწვავე იყო უკანასკნელი ბრძოლა. ომის შესახებ ცნობები შემონახულია ფოლკლორში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 180.