გიორგი პაპალაშვილი

გიორგი მიხეილის ძე პაპალაშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1908, სოფ. ტიბაანი, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 იანვარი, 1974, თბილისი) — ქართველი გენეტიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის გამგე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1959), საქართველოს გენეტიკოსთა და სელექციონერთა საზოგადოების პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1972).

გიორგი პაპალაშვილი

პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ სწავლა განაგრძო ბაკურციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. 1928 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტის ზოოტექნიკურ განყოფილებაზე, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის მეცხოველეობის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1936 წელს, საკანდიდატო დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდეგ მოწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის გამგედ, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე.

გიორგი პაპალაშვილი აღიარებულია როგორც გენეტიკის ფუძემდებელი საქართველოში. მისი საქმიანობა მოიცავდა რამდენიმე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და უმაღლეს სასწავლებელს. გიორგი პაპალაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან, სადაც წლების მანძილზე ეკავა სამეცნიერო ნაწილში დირექტორის მაოდგილის თანამდებობა, მისი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა აქტიურად მიმდინარეობდა მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც ის ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას გენეტიკაში, ზოგად ბიოლოგიაში, მეცხოველეობასა და სხვა დისციპლინებში. მისი ავტორობით გამოცემულია სახელმძღვანელოები გენეტიკასა და ზოგად ბიოლოგიაში ქართულ და რუსულ ენებზე. გიორგი პაპალაშვილის პედაგოგიურმა მოღვაწეობამ საფუძველი ჩაუყარა გენეტიკოსთა ახალ თაობას.

გიორგი პაპალაშვილის სამეცნიერო კვლევები მოიცავდა გენეტიკის სხვადასხვა მიმართულებას. თავისი სამეცნიერო პრაქტიკის დასაწყისშივე მან ჩაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა რადიაციული გენეტიკის სფეროში, რომლის შედეგებიც აისახა მოგვიანებით მის მიერ გამოცემულ და საერთაშორისოდ აღიარებულ მონოგრაფიაში. ასევე მისი სამეცნიერო კვლევების სფეროს წარმოადგენდა მეაბრეშუმეობის და მეცხოველეობის სფეროები. აღსანიშნავია გიორგი პაპალაშვილის მიღწევები მრავალტაროიანი სიმინდის ახალი ჯიშის გამოგონებაში, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთის მთელ რიგ ქვეყნებში და ფართოდ იქნა დამკვიდრებული სოფლის მეურნეობაში.

ლიტერატურა

რედაქტირება