გიორგი ნადირაძე (კრიტიკოსი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნადირაძე.

გიორგი ალექსანდრეს ძე ნადირაძე (დ. 15 აპრილი, 1902, სოფ. ქვემო მაჩხაანი, ახლანდელი სიღნაღის რაიონი — გ. 4 აპრილი, 1960, თბილისი) — ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ ფილოსოფიის, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობიდანვე ამხანაგებში გამოირჩეოდა ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობით და სიბეჯითით. კარგად იცნობდა დასავლეთ ევროპულ ლიტერატურას, გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიას, მუსიკას და თეატრალურ ხელოვნებას. ამიტომ მისმა წერილებმა თავიდანვე მიიქცია ჩვენი საზოგადოების ყურადღება. 1937 წელს გამოქვეყნდა გ. ნადირაძის პირველი მონოგრაფია ნიკო სულხანიშვილზე, სადაც გაშუქებულია კომპოზიტორის შემოქმედების ხალხურ-ეროვნული საწყისები. მომდევნო წელს დაიბეჭდა მეტად საგულისხმო მონოგრაფია ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ — „პოეტი და ადამიანი“. მაგრამ მეცნიერის ინტერესები ამით არ ამოწურულა. ზედიზედ გამოქვეყნდა მისი ნაშრომები: „ბარათაშვილი და ლაიზევიცი“, „ბუნების გრძნობა ბარათაშვილის პოეზიაში“, „ბარათაშვილის ყვავილები“, მონოგრაფია „ნ. ბარათაშვილის ცხოვრება და ესთეტიკური სამყარო“.

გიორგი ნადირაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსთაველის შემოქმედების კვლევის საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავიამისი ნაშრომი „რუსთაველის ესთეტიკა“, რისთვისაც ავტორს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა. აღსანიშნავია, აგრეთვე გ. ნადირაძის მთარგმნელობითი მოღვაწეობაც. მან ქართველ საზოგადოებას გააცნო გოეთეს, შილერის, ლესინგის, ლაიზევიცის ქმნილებანი. ფართო ერუდიციის მეცნიერი სიკვდილამდე სათავეში ედგა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის დასავლეთ ევროპის ლიტერატურისა და ისტორიის კათედრას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 284, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება