გიორგი მღებრიშვილი (ექიმი)
გიორგი მღებრიშვილი (დ. 1880 — გ. 1968) — ქართველი ექიმი. 1916 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.
1930 წელს მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის ფიზკულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა 1935 წლამდე.
1931-1968 წლებში განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფიზკულტურის კათედრას, იყო თსუ ფიზკულტურის ფაკულტეტის პირველი დეკანი (1935-1937).
აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საექიმო კონტროლისა და სამკურნალო ფიზკულტურის სამეცნიერო საზოგადოების დაარსებაში (1963) და იყო მისი პირველი თავმჯდომარე.
მისი შრომები ძირითადად ეხება სპორტული მედიცინის, ორგანიზმის გაკაჟებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს ავადმყოფთა ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხებს.
სამკურნალო ფიზკულტურისა და საექიმო კონტროლის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1950).
ჯილდოები, პრემიები და პრიზები (1961 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე)