გიორგი მამალაძე (სამხედრო)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მამალაძე.

გიორგი ტარასის ძე მამალაძე (პოლ. Jerzy Mamaladze; დ. 25 დეკემბერი, 1895, შამახა, ახლანდ. აზერბაიჯანი — გ. 28 ივლისი, 1941, „კომუნარკა“, მოსკოვის მახლობლად) — ქართველი სამხედრო პირი, პოლონეთის არმიის ოფიცერი, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა პედაგოგ ტარასი მამალაძის ოჯახში. 1914 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. ოფიცერი იყო ასევე მისი ძმა — იერონიმ მამალაძე. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ (1921) პორუჩიკმა მამალაძემ იუნკერთა სკოლის სხვა ოფიცრებთან ერთად სამშობლო დატოვა და თურქეთის გზით პოლონეთში გადასახლდა. დაამთავრა ბიდგოშჩის ოფიცერთა სკოლა (1924) და კონტრაქტით დაიწყო სამსახური პოლონეთის არმიაში. მსახურობდა ვარშავის რადიოტელეგრაფის პოლკში კაპიტნის, შემდეგ მაიორის წოდებით. მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დაწყებისთანავე მონაწილეობდა პოლონეთის დაცვაში. 1939 წელს ტყვედ ჩაიგდეს საბჭოთა ჯარებმა. ერთი ცნობით მოკლეს კატინში სამხედრო ტყვეების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის დროს; სხვა დაზუსტებული მონაცემებით, მამალაძე მაიორ ეჟი მალინოვსკის სახელით იმყოფებოდა კოზელსკის სამხედრო ტყვეების ბანაკში, 1941 წლის 14 ივლისს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ მიუსაჯა სიკვდილით დასჯა, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი იმავე წლის 28 ივლისს „კომუნარკის“ პოლიგონზე (მოსკოვის მახლობლად). შემონახულია გიორგი მამალაძის უნიკალური ფოტოალბომი, რომელიც ერთადერთი ფოტოდოკუმენტური წყაროა პოლონეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი. თბ., 2008.
  • M. Bujnowska, Major Jerzy Mamaladze, Pro Georgia. 1996, No 5, s. 76-83.
  • D. Kolbaia, Dawid. Album mjra Jerzego Mamaładze, jeńca obozu NKWD w Kozielsku, zamordowanego w Katyniu. Pro Georgia. 2008, No 16, s. 219-251.
  • W. Materski. Gruzini oficerowie kontraktowi Wojska Polskiego w kampanii wrześniowej 1939 r. Pro Georgia. 2016, No 26, s. 243-284.
  • Убиты в Катыни : книга памяти польских военнопленных-узников Козельского лагеря НКВД, расстрелянных по решению Политбюро ЦК ВКП(б) от 5 марта 1940 года, ответственный составитель, Александр Гурьянов. Москва, Общество "Мемориал" | Издательство "Звеня", 2015.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება