გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონი

გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი — ახალგაზრდული, სამოხალისეო და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს უტარებს დაწყებით სამხედრო და საექსპედიციო მომზადებას, იკვლევს სამხედრო ისტორიას. ორგანიზაცია თანამშრობლობს როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ გვარდიასთან.

გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონი
დევიზი გუშაგობ ერს! მარად!
აბრევიატურა გმსალ
შეიქმნა 22 სექტემბერი, 2013 — დღემდე
სტატუსი აქტიური
ტიპი მოხალისეობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
ფერები შინდისფერი, ოქროსფერი, თეთრი, შავი
მოხალისე 1000+
ლეგიონის ვებ-გვერდი

ხელმძღვანელობა და სტრუქტურა

რედაქტირება

გამგეობა შედგება 3 წევრისგან: გიორგი რაზმაძე, პაატა გიგაური და დავით ნარტყოშვილი. სათათბიროში 6 ლეგიონერია. ლეგიონი შედგება 5 მიმართულებისგან, რომლებსაც ექვემდებარებიან შესაბამისი განყოფილებები.[1]

სიმბოლიკა, მფარველი და შეძახილი

რედაქტირება

ლეგიონის ემბლემა არის ფარის ფორმის, რაც გამოხატავს ქართველი ერის ინტერესების დაცვას, შინდისფერი წინაპართა დაღვრილ სისხლს, ხოლო ოქროსფერი კანტი ლეგიონის იდეის გამარჯვებას. ემბლემის ცენტრში განთავსებულია XII საუკუნეში აშენებული ქვათახევის მონასტრის კედელზე ამოტვიფრული სტილიზებული ორნამენტი.[1]

ლეგიონის ძირითადი დროშა შინდისფერი მართხკუთხედია, რომელზეც გამოსახულია შავკანტშემოვლებული თეთრი ჯვარი ცენტრში ლეგიონის ემბლემით. დროშა აკურთხა მამა ზურა ცხოვრებაძემ, 1923 წლის 21 მაისს, ვაკის პარკში დახვერტილი დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის 15 ოფიცრის და ჯარისკაცის მოწამეობრივი აღსასრულის ადგილას.[1]

2015 წლის 22 სექტემბერს ლეგიონის მფარველად გამოცხადდა წმ. გობრონ-მიქაელი (წირვა აღავლინა მამა ზურა ცხოვრებაძემ ჯვრის მამის ეკლესიაში), ფოცხოვში რაიონში მდებარე ყელის ციხის გარნიზონის ერთ-ერთი მეთაური, რომელიც 914 წელს არაბთა შემოსევისას, 28 დღიანი სისხლისმღვრელი საალყო ბრძოლის შემდეგ ჩავარდა ტყვედ და მიუხედავად დიდი დაპირებებისა და შემდეგ შეუბრალებელი წამებისა, არ უღალატა ღმერთს, საკუთარ ქვეყანას და მოწამებრივად აღესრულა 133 ქართველ მეომართან ერთად.[1]

ლეგიონის შეძახილი ეფუძნება 1918-1922 წლებში არსებულ ორგანიზაცია შევარდენის შეძახილს. მეთაური: „გუშაგობ ერს!“ რაზმის პასუხი: „მარად!“. ლეგიონის დევიზია: „ვგუშაგობთ ერს!“[1]

ლეგიონი საკუთარ ისტორიას აკავშირებს საქართველოში ისტორიულად არსებულ ტრადიციას, როდესაც ახალგაზრდები ადრეული ასაკიდანვე ეუფლებოდნენ საბრძოლო ხელოვნებას. თავადაზნაურთა წრეში მომზადება ხდებოდა ცხენოსნობაში, ნადირობაში, მშვილდოსნობაში, შუბის ტყორცნასა და ფარიკაობაში. მასობრივად გავრცელებული იყო ქართული ჭიდაობა, კრივი, შურდულის ტყორცნა, ქვის გადატანა, ცურვა, ლახტი, ლელო და მსგავსი გასამხედროებული თამაშები.[1]

რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, 1917 წელს „ქართველ მხედართა კავშირთან“ დაარსდა ტან-სავარჯიშო ორგანიზაცია „ამირანი“, რომელსაც ოფიცრები ედგნენ სათავეში. 1918 წლის 25 აგვისტოს დაფუძნდა „ქართული ტან-ვარჯიშობის საზოგადოება შევარდენი“, სადაც გაერთიანდა ამირანი და რამდენიმე ათეული მოხალისე-ენთუზიასტი, მართალია შევარდენი არ ეწეოდა პირდაპირ სამხედრო-სალაშქრო მომზადებას, მაგრამ მისი მოღვაწეობა ხელს უწყობდა მოზარდ-ახალგაზრდების ფიზიკურ და სულიერ განვითარებას. 1921 წელს ორგანიზაციაში 10 000-მდე წევრი იყო გაერთიანებული. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში შევარდენის ასეულობით ახალგაზრდა მოხალისედ ჩაეწერა შეიარაღებული ძალებში და თბილისის მილიციის დაცვის რაზმში, რომლებიც წარმატებით იცავდნენ წესრიგს ქალაქში, დარაჯობდნენ ხიდებს და საწყობებს. შევადენის წევრი იყო მარო მაყაშვილი.[1]

1922 წლის 3 ნოემბერს საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებამ აპოლიტიკური შევარდენი დაშალა როგორც „ნაციონალისტური და მავნებლური“ ორგანიზაცია. მის ნაცვლად შეიქმნა კომუნისტური ორგანიზაცია „სპარტაკი“. [1]

2007 წლის მაისს პაატა გიგაურის და გიორგი რაზმაძის მიერ საჯაროდ გაჟღერდა საერთოეროვნული ახალგაზრდული ორგანიზაციის შექმნის აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით ადამიანები შეიკრიბნენ და პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა. 2008 წლის ომის გამო დროებით უარი ითქვა მოზარდების მომზადებაზე და დაფუძნდა ორგანიზაცია აისი. 2013 წელს ისევ მოზარდების მომზადების თემაზე მუშაობა განახლდა და 22 სექტემბერს დაარსდა ლეგიონი.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება