გიორგი კუხალაშვილი

გიორგი კუხალაშვილი (დ. 5 ნოემბერი, 1982, ქუთაისი) — ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი.

გიორგი კუხალაშვილი
დაიბადა 5 ნოემბერი, 1982
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ

ბიოგრაფია

რედაქტირება

გიორგი კუხალაშვილი დაიბადა 1982 წლის 5 ნოემბერს, ქუთაისში.

2002 წელს დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლა, ფერწერის ფაკულტეტი. 1998 წელს, სამხატვრო სკოლაში სწავლის პერიოდში გიორგი კუხალაშვილმა შექმნა ნამუშევარი სახელწოდებით „იერუსალიმში შესვლა“, რომელმაც გამოკვეთა მისი შემოქმედებითი მისწრაფებები და ინტერესი რელიგიური თემების მიმართ, უფრო მოგვიანებით კი, 2000 წელს, დაასრულა ფერწერული ტილო „შობის მისტერია“, რომელიც დღემდე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მხატვრის შემოქმედებაში.

2005 წელს, თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის პარალელურად გიორგი კუხალაშვილმა, ძველი თბილისის ისტორიულ უბანში გახსნა საკუთარი სახელოსნო, სადაც ინტენსიურად დაიწყო მუშაობა.

2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტი.

2010 წელს საკუთარი სახელოსნოს ბაზაზე დააფუძნა ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანება „ხელოვნების ენა“, სადაც უამრავი ახალგაზრდა მხატვარი და მოქანდაკე აქტიურად ჩაერთო შემოქმედებით საქმიანობაში. 2010 წლიდან გიორგი კუხალაშვილი, შემოქმედებით გუნდთან ერთად, იწყებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას. ის აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში და წარმოადგენს საკუთარ შემოქმედებას როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

შემოქმედება

რედაქტირება

გიორგი კუხალაშვილის შემოქმედებითი ინტერესის სფეროს ძირითადად წარმოადგენს ისეთი რელიგიურ-მისტერიალური თემები როგორიცაა: გოლგოთას მისტერია, ჯვრიდან გარდამოხსნა, ღვთის კრავი, რექვიემი, ბარაბას ჯვარი, განკითხვის დღე, ამაღლება, საიდუმლო სერობა და სხვა. ამ მრავალფიგურიანი კომპოზიციების ძირითადი თავისებურება ფერწერული ენის ორიგინალურობა და ღრმა შინაარსობრივი მრავალწახნაგოვანებაა. მხატვრის შემოქმედებაში აღსანიშნავია ასევე ლირიკულ-ალეგორიული შინაარსის კომპოზიციები, ისეთები როგორიცაა: დონ კიხოტი, მეჯლისი, კაზინო, ჩაშლილი წარმოდგენა და სხვა.

გამოფენები და ჯილდოები

რედაქტირება
  • 2015 — ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გიორგი კუხალაშვილი დაჯილდოვდა ახალგაზრდა პროფესიონალის წოდებით.
  • 2014 — „ახალი სიცოცხლე“. პროექტი განხორციელდა პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანასთან“ და ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან ერთად. გიორგიმ და მისმა მეგობრებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები „იავნანას“ ბენეფიციარების დასახმარებლად.
  • 2013 — „თბილისი და თბილისელები“. ახალგაზრდა მხატვრებმა შექმნეს დამსახურებულ ხელოვანთა პორტრეტები ფერწერასა და ქანდაკებაში. პორტრეტების გამოფენა მოეწყო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა დოკუმენტური ფილმი და დაიბეჭდა კატალოგი.
  • 2011 — ახალგაზრდა მხატვართ ჯგუფური გამოფენა „წარსულისა და აწმყოს შეხვედრა“. თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა.
  • 2011 — გიორგი კუხალაშვილმა გაიმარჯვა კონკურსში „ლევ ტოლსტოის სამყარო“. ის, როგორც პირველი ადგილის მფლობელი, მიწვეული იქნა ლევ ტოლსტოის შვილთაშვილის, ვლადიმერ ტოლსტოის მიერ „იასნაია-პოლიანა“-ში, სადაც მწერალმა თავის ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი გაატარა.

პერსონალური გამოფენები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება