გიორგი დადიანი (გენერალი)
გიორგი (ეგორ) ლევანის (ლეონტის) ძე დადიანი (დ. 1683, ზუგდიდი, — გ. 12 ივნისი, 1765, მოსკოვი) — სამეგრელოს მთავრის ლევან IV დადიანის ვაჟი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1725).
მამამისი ლევანი იყო დადიანთა პირველი დინასტიის უკანასკნელი მმართველი ოდიშში. 1700 წლიდან გიორგი დადიანი ემიგრაციაში იყო მოსკოვში. კარგად დაეუფლა რუსულ ენას, ასრულებდა დიპლომატიურ დავალებებს, მთარგმნელისა და თარჯიმნის მოვალეობას. რუსეთის სამეფო კარსა და მოსკოვში ემიგრირებულ ქართველთა შორის მოლაპარაკებების დროს უძღვებოდა მიმოწერას საქართველოსთან. ცოლად შეირთო რუსეთის არტილერიის გენერალ-ფელდცოიხმაისტერის, ბატონიშვილ ალექსანდრე არჩილის ძის ქალიშვილი სოფიო. გიორგი დადიანი დადიანოვების მოსკოვის შტოს დამფუძნებელია. თავისი სახსრებით მონაწილეობა მიიღო მოსკოვში სუხარევის კოშკის განახლებაში. ფლობდა მამულებს ნიჟეგოროდის მაზრაში. დაეხმარა მომავალში ცნობილ არქიტექტორს, პეტრე ეგოროვს განათლების მიღებაში. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტრის მირქმის ტაძარში.
ლიტერატურა
რედაქტირება- კალანდია გ., ჯავახიშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 251.