გინჩი — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი მთიან დაღესტანში, მდინარე გიდერილ-ორის ნაპირას (ხუტორი გინჩი, შამილოვსკის რაიონი). გაითხარა 1956-1963 წწ. (მ. პიკულის, ჟ. ატაევის, ე. კოტოვიჩის, ა. ჰაჯიევისა და მ. ჰაჯიევის მიერ). ენეოლითური ნასოფლარი დაცული იყო ფლატეებითა და ზოგან 1 სისქის ქვის კედლებით. გათხარეს რიყისა და ნატეხი ქვისგან მშრალი წყობით ნაგები ოთხკუთხა შენობების ნაშთები. თიხატკეპნილ იატაკზე გამართული იყო ღია კერები, ხოლო სანოვაგის შესანახად იატაკში ჩაჭრილი იყო მცირე ზომის ხაროები. იატაკქვეშ აღმოჩნდა სამარხები, რაც წინააზიური გავლენის შედეგი უნდა იყოს. აღმოჩენილი კერამიკა 2 სახისაა: ადგილობრივი და იმპორტული. აღნიშნული ენეოლითური ფენა ზოგადად ძვ. წ. IV ათასწლეულით თარიღდება და წინააზიური კულტურის გავლენის გავრცელების უკიდურესი ჩრდილოეთი პუნქტია. ნასოფლარის ორი ფენა ეკუთვნის მტკვარ-არაქსის კულტურის ჩრდილო-აღმოსავლეთის ლოკალურ ვარიანტს (ძვ. წ. III ათასწლეული). ნასოფლარი დაზიანებულია ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის I ნახევრის სამარხებით, რაც გინჩის მე-III კულტურულ ფენას ქმნის. გათხრილია 15 დიდი და 2 პატარა აკლდამა, 15 სამარხი თიხის დერგებში. აკლდამები მომრგვალო და ოთხკუთხაა, ნაგებია მშრალი წყობით, გადახურულია ქვის დიდი ფილებით. აკლდამებში კოლექტიურად კრძალავდნენ მოზრდილებს. პატარა აკლდამები მოზარდთა ინდივიდუალური სამარხები იყო, ხოლო დერგებში ჩვილ ბავშვებს კრძალავდნენ. სამარხეული ინვენტარიდან აღსანიშნავია კერამიკა; ქვის, ძვლისა და ლითონის სამკაული; შრომისა და საბრძოლო იარაღები.

ლიტერატურა

რედაქტირება