ეგვიპტის პირამიდები

(გადამისამართდა გვერდიდან გიზის პირამიდები)

ეგვიპტის პირამიდებიეგვიპტის ფარაონებისთვის, ძვ. წ. XXVIII საუკუნიდან XX საუკუნემდე აგებული ძვალშესალაგები. ეგვიპტის პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.

გიზის პირამიდების ანსამბლი

ჯოსერის პირამიდა

რედაქტირება

პირამიდებს შორის პირველი იყო მესამე დინასტიის ფარაონის, ჯოსერის პირამიდა, რომელიც ქრ. შობამდე XXVIII საუკუნეში ააგეს. მისი არქიტექტორი ფარაონის კარის ხუროთმოძღვარი და პირველი ვეზირი, იმჰოტეპი იყო. პირველი და მეორე დინასტიის ფარაონთა სამარხები გიგანტურ აკლდამებს წარმოადგენდა, რომელთაც მასტაბები ეწოდება. მიუხედავად გრანდიოზული ზომებისა (ერთი კედლის სიგრძე ზოგჯერ 90 მეტრს აღწევდა), როგორც ჩანს, მასტაბები ვერ აკმაყოფილებდა ეგვიპტის ბრწყინვალე ფარაონთა მოთხოვნებს, ამიტომ იმჰოტეპმა სრულიად ახლებური სამარხის ქმნა განიზრახა. მან არა მარტო ახალი ფორმის სამარხი ააგო, არამედ შეცვალა საშენი მასალაც. მანამდე ეგვიპტელები ძირითად საშენ მასალად თიხას და ხეს იყენებდნენ, რაც ეგვიპტეში ცოტა იყო და, შესაბამისად ძვირად ფასობდა. იმჰოტეპმა კი პირამიდა ქვით ააგო. აქედან მოყოლებული, ძირითადი საშენი მასალის ადგილი ქვამ დაიკავა. იმჰოტეპმა პირველმა მოიფიქრა სამარხის სიმაღლეში გაზრდა, ამიტომაცაა, რომ ჯოსერის პირამიდა მოგვაგონებს შვიდ ერთმანეთზე დადგმულ მასტაბას, რომელთა ზომაც სიმაღლის მატებასთან ერთად მცირდებოდა. ჯოსერის პირამიდა თავიდან 147 მეტრი იყო, ამჟამად კი 134 მეტრია.

ჯოსერის პირამიდა ძირითადად, საფეხუროვანი პირამიდის სახელითაა ცნობილი.

გიზის პირამიდები

რედაქტირება

დღეს შემორჩენილი ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზის პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ააშენეს ძვ. წ. XXVI საუკუნეში. მისი აღმშენებელი იყო ხემიუნი, პირამიდის სიმაღლე იყო 147 (ამჟამად 136) მეტრი, თითოეული გვერდის სიგრძე 230 მეტრია. მას გარშემო რომ შემოუაროთ, კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროთ. პირამიდის ასაშენებლად დაიხარჯა 2300000 ლოდი, რომელნიც დღესაც ისეთი სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსსაც ვერ გაატარებთ. ხეოფსის პირამიდა მთლიანად თეთრი ფილებით ყოფილა მოპირკეთებული, მაგრამ დღესდღეობით ეს „პერანგი“ აღარ არსებობს. გიზის სამი დიდი პირამიდიდან სიდიდით მეორეა ფარაონ ხეფრენის პირამიდა, რომლის სიმაღლე 136.4 მეტრია[1], ფუძის სიგრძე კი 215 მეტრი. მისი არქიტექტორი იყო მერიბი. მესამეა ფარაონ მიკერინასის პირამიდა, რომლის სიმაღლე 66 მეტრია, გვერდის სიგრძე კი 108 მეტრი. მისი ხუროთმოძღვარი იყო დებხეინი. მერიბსა და დებხეინს ეგვიპტოლოგები ხემიუნის მემკვიდრეებად თვლიან. პირველი მეცნიერი და სწავლული, რომელმაც პირამიდები მოინახულა, ისტორიის მამა, ჰეროდოტე იყო. იგი თავის ჩანაწერებში აღფრთოვანებით საუბრობს პირამიდებზე.

დიდი სფინქსი

რედაქტირება

გიზის პირამიდების მახლობლად არის დიდი სფინქსი. იგი არის ფარაონისათვის გამოკვეთილი ნადირთა მეფის, ლომის ფიგურა. მისი სიმაღლე 20 მეტრია, სიგრძე კი 60 მეტრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Pyramid of Chefren, Giza - SkyscraperPage.com. Skyscraper Source Media Inc.. ციტირების თარიღი: 1 May 2014.