კონა გიგინეიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან გიგინეიშვილი, კონა)

კონა მოსეს ძე გიგინეიშვილი (დ. 6 მაისი, 1902, ქუთაისი — გ.7 იანვარი, 1976, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ენათმეცნიერი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია (1920) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1929). 1921–1924 წლებში მასწავლობდა სოფ. ნიგვზიანის (ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ხოლო 1929-1939 წლებში ბათუმის სხვადასხვა სკოლაში. თსუ ასპირანტურის დამთავრების (1942) შემდეგ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (1942–1954), იყო ქართული ენის კათედრის გამგე. პარალელურად ლექციებს კითხულობდა ქუთაისის პედაგოგიურ, თბილისის თეატრალურ და უცხო ენათა ინსტიტუტებში. 1954–1966 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერებიწ ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომლად, როგორც სარედაქციო კომისიის წევრი და რედაქტორი იგი მონაწილეობდა დარგობრივი (ტექნიკის, მეტალურგიის, ფიზიკის, ელექტრონიკის, სასოფლო-სამეურნეოს, იურიდიულის, გეოგრაფიის და სხვების) სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშევებაში.

1966 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის სალიტერატურო კონტროლის რედაქციაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად და სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელად. აქ მან დიდი წვლილი შეიტანა ენობრივი, ტერმინოლოგიური საკითხების გადაწყვეტაში, უცხოურ სახელთა ქართული დაწერილობის დადგენაში და სხვა. გიგინეიშვილმა შეიმუშავა ბერძნული და ლათინური (პირთა და გეოგრაფიის) სახელების ქართულად გადმოცემის წესები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერვე შედგენილ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონს (გამოიცა 1985, აღიარებულია ნორმატიულ სახელმძღვანელოდ).

გიგინეიშვილს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება